15:51 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტებისა და სამხედრო მედიკოსების რაზმმა COVID-19-ის პანდემიის ევროპულ ეპიცენტრში მისია დაასრულა და მსოფლიო მასშტაბის პრობლემის მოსაგვარებლად პროფესიონალური, ოპერატიული და ეფექტური ბრძოლის მაგალითი აჩვენა.

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთში დაბრუნებისთანავე სპეციალისტებს კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის „იტალიური გამოცდილება“ სამშობლოშიც უეჭველად გამოადგებათ.

ჩკალოვსკის პოდმოსკოვიეს აეროდრომზე, რუსეთის „სამედიცინო სპეცრაზმის“ შემადგენლობის სპეციალისტებითა და ტექნიკით, მეცხრე და მეათე Ил-76 თვითმფრინავები დაეშვა. დასახული ამოცანები შესრულებულია. 

როგორც ცნობილია, იტალიელებისთვის დახმარების აღმოსაჩენად რუსეთმა იტალიაში გაგზავნა რვა მობილური ბრიგადა (100-მდე წამყვანი სამხედრო სპეციალისტი-ვირუსოლოგი და მედიკოსი), სადიაგნოსტიკო აპარატურა, ტრანსპორტისა და ტერიტორიის სადეზინფექციო საავტომობილო კომპლექსები, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების 15-დან ერთი ლაბორატორია და სხვა სამედიცინო მოწყობილობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავებმა ოპერატიულად გადაისროლეს რომიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე Pratica di Mare-ს ავიაბაზაზე სპეციალისტები და მუშაობისთვის აუცილებელი ყველა მოწყობილობა.

რუსმა სპეციალისტებმა იტალიაში 23 მარტიდან დაიწყეს ჩასვლა და 7 მაისამდე მრავალი რთული და საპასუხისმგებლო ოპერაცია ჩაატარეს - სრული დეზინფექცია გაუკეთეს მოხუცებულთა პანსიონატებს და სხვა ეპიდემიოლოგიურად რთულ ობიექტებს 100 დასახლებულ პუნქტში ლომბარდიის ოლქსა და ბრეშიას პროვინციაში. სულ მივლინების განმავლობაში 120 შენობა-ნაგებობა, 1 200 000 კვ.მ. შიდა ფართი, 500 000 კვ.მ. მყარი ზედაპირის გზის საფარი დამუშავდა.

გარდა ამისა, ქალაქ ბერგამოში საველე ჰოსპიტალის მუშაობის დაწყების დღიდან, 6 აპრილიდან, რუსმა სამხედრო მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი მიიღეს. მცირე დროში 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჰოსპიტალში რვა ბრიგადა ოცდაოთხი საათის განმავლობაში, სამ ცვლად, აწარმოებდა ავადმყოფების მიღებას და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფიცირებულებს. რუსეთში დაბრუნებისთანავე „სამედიცინო სპეცრაზმი“ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს გაივლის. შემდეგ კი - კვლავ ბრძოლის ველზე, პანდემია ხომ ჯერ არ არის დამარცხებული. 

შვიდკვირიანი ბრძოლა

ეს იყო იტალიისთვისა და მთელი ევროპისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანადგომის საჩვენებელი, შინაარსიანი და ძალიან სასარგებლო გამოცდილება. 21 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ტელეფონით საუბრისას დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მზადყოფნა. ამის შემდეგ რუსეთმა საკუთარი უსაფრთხოების დაცვით პრაქტიკულად ორ დღეში გადაისროლა იტალიაში Ил-76-ის თხუთმეტი ბორტით მცირერიცხოვანი, მაღალპროფესიონალური, საოცრად ეფექტური სამედიცინო კოლექტივი, აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. ჯერ მარტო კომპლექსი „Сыч“ რად ღირს, რომელიც ბიოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებში პათოგენური ბიოლოგიური მასალების ანალიზისთვის გამოიყენება. შემთხვევით არ დახვედრიან რუსეთიდან გაგზავნილ დესანტს პირადად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ენცო ვიჩერელი. ამასთან, აღელვებულმა დი მაიომ რუსი სპეციალისტების მოწინავე ჯგუფს განუცხადა, რომ იტალიის თავდაცვის სამინისტრო მათ განკარგულებაშია.

ჯერ კიდევ კორონავირუსული ინფექციის მაღალტექნოლოგიური განადგურების და ყველაზე მძიმე ავადმყოფების მკურნალობის დაწყებამდე მოსკოვმა მათ აჩუქა გადარჩენის იმედი, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა კი მრავალი ევროპელის გონებაში გადატრიალება მოახდინეს. თვალსაჩინო მაგალითი ყველაზე უკეთ პასუხობს კითხვას - „უნდათ თუ არა რუსებს ომი?“, მეტყველებს რუსეთის რეალურ პრინციპებზე, შესაძლებლობებზე, საშუალებებსა და მიზნებზე (რასაკვირველია, ეს არ არის ნატოსა და ევროკავშირში განხეთქილებისკენ სწრაფვა, როგორც დასავლური მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი წერდა).

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 31 ათასი ადამიანი დაიღუპა (ლეტალობა - 14%), ქალაქი ბერგამო მარტის შუა რიცხვებში „კორონავირუსულ ჯოჯოხეთად“ გადაიქცა, საქმეს ვერ აუდიოდა ადგილობრივი კრემატორიუმი. რესპუბლიკაში ჯანდაცვის სფეროს 4800 მუშაკი დაავადდა - ორჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთში. ამ პირობებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლონამ 600-კმ-იანი მარში შეასრულა რომიდან ბერგამოში, სპეციალისტები კი მაშინვე შეუდგნენ საქმიანობას. რთულია ამ დახმარების გადაფასება. 

14 მაისისთვის COVID-19-ისგან 115 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაავადების აქტიურ ფაზაში რჩება 74 194 პაციენტი (ბევრია, მაგრამ შეიძლებოდა რამდენჯერმე მეტი ყოფილიყო). ეპიდემიის დაღმასვლის ამ დამაიმედებელ ვითარებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღირსეული წვლილიცაა. COVID-19-თან რუსი სპეციალისტების შვიდკვირიანი თავგანწირული ბრძოლის კანონზომიერ შედეგად იქცა იტალიელი ხალხის აღიარება, გულწრფელი მადლიერება და იტალიის თავდაცვის მინისტრის ლორენცო გუერინის მნიშვნელოვანი განცხადება საპასუხო ქმედებების შესახებ (7 მაისს სატელეფონო საუბრისას რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან). შესაძლოა, ორი ქვეყნის სამხედრო-სამედიცინო თანამშრომლობამ კონსტრუქციული გაგრძელება ჰპოვოს პანდემიის შემდეგაც.

ვითარება რუსეთში

დიახ, იტალიაში შედგა „დაზვერვა ბრძოლით“. რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარმა აპენინის ნახევარკუნძულზე მის ხელთ არსებული 15-დან მხოლოდ ერთი ლაბორატორია, 2065 ერთეულიდან 20 სპეცმანქანა და 20 000-დან მხოლოდ ასამდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ახლა სამხედრო მედიკოსებმა და სპეციალისტებმა უკეთ იციან, როგორც ებრძოლონ უხილავ მტერს, როგორ დაგეგმონ პროფილაქტიკური ღონისძიებები და ავადმყოფების მკურნალობა. რუსეთში კვლავაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. დღეს 2 მაისიდან პირველად გამოვლინდა ერთ დღეში COVID-19-ის 10 ათასზე ნაკლები ახალი შემთხვევა. და მაინც ინფიცირების სტატისტიკა რუსეთში მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ. წინ ბევრი სამუშაოა. 

გარდა სამხედრო-სამედიცინო სტრუქტურებისა, ყოველ სამხედრო ოლქში რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ცალკე ბრიგადა, საერთო სამხედრო ჯარის შემადგენლობაში კი - რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის საშტატო პოლკი. ამ საფუძველზე აპრილიდან ყალიბდება მობილური რაზმები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაატარებენ სამრეწველო საწარმოების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების სპეცდამუშავებას. ქვეყნის სამობილიზაციო მექანიზმების შენარჩუნებით რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტები იცავენ ასევე გაზაფხულის გაწვევის კამპანიის უსაფრთხოებას. პროფილაქტიკური ზომები ტარდება ყველა რეგიონში და გაწვევის ყველა ეტაპზე.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა პირობა დადეს, რომ 15 მაისისთვის ექსპლუატაციაში ჩააბარებენ კიდევ რვა მრავალფუნქციურ სამედიცინო ცენტრს. ამგვარად, უწყება შეასრულებს ქვეყნის 15 რეგიონში 16 მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის აშენების სახელმწიფოებრივ ამოცანას. შესაძლოა, ყველა მათგანის გამოყენება არ გახდეს საჭირო, მაგრამ ისინი რეზერვში დარჩება. პანდემიასთან ბრძოლაში ოპერატიული მოქმედების გამოცდილება კი მეტად მნიშვნელოვანია. ვინ იცის, რა ახალი ვირუსები გველის მომავალში.

მთავარი თემები