Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორი გავლენა იქონია კორონავირუსმა საქართველოს ავტობაზარზე

© Sputnik / Alex Shlamovბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა.

სანდრო მგელაძე, Sputnik

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ბიზნესი ავტომობილების იმპორტი იყო. თუ ადრე, ინტერნეტის ეპოქამდე ამ საქმით დაკავებული ადამიანები გერმანიიდან ან ევროპის სხვა ქვეყნებიდან მანქანების ჩამოსაყვანად თავად მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, XXI საუკუნეში ყველაფერი გაცილებით გამარტივდა. დღეს არსებობს ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის გამოწერა, ძირითადად, ამერიკული და იაპონური ვებ-გვერდებიდან შეიძლება, შემდეგ კი კომპანიას ორ-სამ თვეში თავად ჩამოჰყავს მანქანა ფოთში ან ბათუმში. საჭიროა მხოლოდ პორტში მისვლა და ავტომობილის წამოყვანა. 

რაც შეეხება ავტომობილების რეალიზაციას, აქ სქემა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ყველაზე ხშირად დილერები მანქანებს ინტერნეტით ჰყიდიან, ან წინასწარ უთანხმდებიან კლიენტებს და შუამავლის როლს ასრულებენ. ზოგიერთს, როგორც ძველ დროში, ავტომობილი ბაზარზე გაჰყავს და იქ ყიდის. რუსთავის ავტობაზარი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მსხვილია. ეს თავისებური ჰაბია, სადაც მანქანებს ყიდულობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.  

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ავტომობილების რეექსპორტი საქონელბრუნვაში პირველ ადგილს იკავებდა. შემოსავალმა 686,7 მლნ დოლარი - მთელი ექსპორტის 18,2% შეადგინა. 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 68,2%-ით გაიზარდა. მართალია, რაღაც დონით - დაახლოებით 5,7%-ით შემცირდა ავტომობილების იმპორტის საერთო მოცულობა, თუმცა მთლიანობაში ამას ბაზარზე ვითარება არ შეუცვლია. ავტომობილების შეძენა და რეექსპორტი ბოლო დრომდე საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფერო იყო. ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ავტომობილებს ყიდულობდნენ, ბოლო პერიოდში ლიდერობდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი. 

დაცარიელებული სოლოლაკი - Sputnik საქართველო
საქართველოს კორონავირუსული ეკონომიკა: ანტიკრიზისული გეგმა და საგარეო დახმარება

კორონავირუსის პანდემიამ და საქმიანი აქტივობის შეჩერებამ ყველაზე მეტად სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები დააზარალა და გამონაკლისს არც ავტომობილების იმპორტი წარმოადგენს. 

„ვებ-გვერდზე მანქანის შეძენა დღესაც შეიძლება, - ამბობს ირაკლი გულორდავა, რომელიც დიდი ხანია იმპორტირებული ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული. - შესაძლებელია მისი პორტში, თბილისში ჩამოყვანაც, ყოველივე ეს მუშაობს, მიუხედავად შეზღუდვებისა, მაგრამ შემდეგ მანქანის გაყიდვა უკვე ნაკლებ რეალურია. ადამიანებს ახლა ამისთვის აღარ სცალიათ. უმეტესობა იმაზე ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი ამ ვითარებაში, მანქანა კი, როგორც ცნობილია, არა მარტო გადაადგილების საშუალება, არამედ ფუფუნებაცაა. კარგ დროს ზოგჯერ თვეში სამი-ოთხი მანქანა იყიდებოდა. მაგრამ ახლა აღარ ვფიქრობ ახლის შეძენას და შემდეგ მის გაყიდვას“.  

CC BY 2.0 / Bobo Boom / Ferrari 458 Italiaძვირადღირებული ავტომობილები
როგორი გავლენა იქონია კორონავირუსმა საქართველოს ავტობაზარზე - Sputnik საქართველო
ძვირადღირებული ავტომობილები

ამ ბიზნესში ვითარება ბოლო წლებში ისედაც გაუარესდა, თუმცა ბევრისთვის მანქანის ხელახლა გაყიდვა - შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ავტომობილების იმპორტიორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ორი წლის წინ მკვეთრად გაიზარდა განბაჟების გადასახადი. ამის გამო მანქანაც გაძვირდა და მოთხოვნილებაც შემცირდა.

„თვეში ერთხელ ვიწერდი მანქანას იაპონიიდან და ვყიდდი საქართველოში, - ამბობს გიორგი დვალი. - ეს იყო დამატებითი შემოსავალი, ძირითადი სამუშაო სხვა მაქვს. თითო მანქანიდან 300-400 დოლარი, ზოგჯერ კი 500 დოლარი მრჩებოდა. შემდეგ კი, 2017 წლიდან, გადასახადი მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის ცხრაჯერ გაიზარდა, მარცხენასაჭიანებისთვის კი - სამ-ოთხჯერ. მას შემდეგ მანქანა გასაყიდად აღარ გამომიწერია“.

დვალის თქმით, პანდემიის გამო ავტომობილების ფასები ახლა მკვეთრად დაეცა - დაახლოებით 30-40 პროცენტით, ვინაიდან მათ არავინ ან თითქმის არავინ ყიდულობს. უმეტესობას საამისო სახსრები არ გააჩნია.

საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ავტომობილების სერვისის სფეროც. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი ავტოპროფილაქტიკა, სათადარიგო ნაწილების მაღაზიაა. ახლა თითქმის ყველა დაკეტილია. მიზეზი - მთავრობის მიერ შემოღებული კონკრეტული შეზღუდვებია. ზოგიერთი პროფილაქტიკა მუშაობს, მაგრამ სერვისი, რასაკვირველია, შორსაა იმ დონისგან, რომელიც თუნდაც ორი თვის წინ იყო. არ არის სათადარიგო ნაწილები, რადგან დახურულია მაღაზიები. 

ველოსიპედი - Sputnik საქართველო
„რა კარგია მანქანების გარეშე...“ - სასულიერო პირები მანქანებიდან ველოსიპედებზე გადავიდნენ

„ერთი კვირის წინ მაღაზია დავხურეთ, - ამბობს ლევან ნოზაძე, სათადარიგო ნაწილების მაღაზიის მფლობელი. - ახლა 27 აპრილიდან შეგვიძლია დისტანციურად ვაჭრობა, მაგრამ მოცულობა ძველებური არ არის. იმედი მაქვს, შეზღუდვები მალე მოიხსნება, თორემ ჩვენი ბიზნესი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ძალიან სერიოზულად დაზარალდა“.

ავტომობილების იმპორტიორები აცხადებენ, რომ მთავარი - მოთხოვნაა. მოთხოვნა კი მაშინვე გაჩნდება, როგორც კი ეპიდემია ჩაცხრება, შეზღუდვები გაუქმდება და ადამიანები კვლავ დაიწყებენ ფულის გამომუშავებას. ჯერჯერობით კი ერთგვარი „მოჯადოებული წრე“ წარმოიქმნა. მანქანების შეძენა შეიძლება, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ასეთ რთულ ვითარებაში ბოლო დანაზოგის დახარჯვა. მანქანისთვის ფულის შოვნა კი ახლა გართულებულია. ამიტომ ყველა იცდის. არადა, კარგი მანქანის შეძენის მსურველი საქართველოშიც და მთელ სამხრეთ კავკასიაშიც ყოველთვის საკმარისზე მეტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0