15:21 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
26111

კორონავირუსის პანდემია რაღაც ფორმით ყველაზე აისახა: ზოგი გაურკვეველი დროით სამუშაოს დაემშვიდობა, ზოგს მეგობრებთან დროსტარებაზე უარის თქმა მოუხდა, ზოგმა კი დაინფიცირების შიშით თავისი ოთხფეხა მეგობრები ქუჩაში გაყარა

კორონავირუსის გავრცელების შიშით ბევრმა დაავადების ნებისმიერი შესაძლო წყაროსგან გათავისუფლება გადაწყვიტა. ქალაქში ხმა დაირხა, რომ ვირუსის გადამტანები შესაძლოა ძაღლები ყოფილიყვნენ. თანაც აუცილებელია მათი დღეში რამდენჯერმე გასეირნება, ესე იგი, ინფიცირების ალბათობაც მაღალია.

კორონავირუსით ინფიცირების შიშმა ბევრი აიძულა, საყვარელ ოთხფეხა მეგობარს დამშვიდობებოდა. ამგვარად, ქალაქი ბედის ანაბარა მიტოვებული ძაღლებით გაივსო.

„Sputnik-საქართველო“ თბილისის უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილს გაესაუბრა.

Приют для животных Тамаза Элизбарашвили
© Sputnik / Vladimir Umikashvili
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი

სტრესი, შემდეგ კი სიკვდილი

ელიზბარაშვილის მტკიცებით, ცხოველებს კორონავირუსი არ გადაეცემა. შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან ვირუსის გადამტანები.

„მაგრამ ჩემი ახსნა-განმარტება ადამიანებს არაფერში ეხმარება. იცით, რას აკეთებენ, როდესაც ძაღლებს თავშესაფარში არ ვიღებ? მიჰყავთ ისინი სკვერებში, სახლიდან მოშორებით, და იქ ტოვებენ. შემდეგ იძულებული ვარ, რასაკვირველია, ეს ძაღლები წამოვიყვანო, შინაური ცხოველები ხომ არ არიან შეგუებული ქუჩაში ცხოვრებას. ისინი უბრალოდ დაიხოცებიან“, - ამბობს ელიზბარაშვილი.

Приют для животных Тамаза Элизбарашвили
© Sputnik / Vladimir Umikashvili
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი

ძაღლები უზარმაზარ სტრესს განიცდიან მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ პატრონმა მიატოვა, განმარტავს თავშესაფრის მფლობელი. მეტიც, ეწყებათ დეპრესია, რომელმაც ისინი შეიძლება შიმშილზე ადრე მოკლას.

„ოჯახში გაზრდილი ძაღლები თავშესაფრებშიც ვერ ძლებენ დიდხანს. ისინი აღარ ჭამენ, აღარ სვამენ, დარდობენ, ზოგიერთი გულის შეტევითაც კვდება. ქუჩაში გაგდებულებზე ლაპარაკიც არ ღირს. სახლში გაზრდილი ძაღლი ქუჩაში საკვებს ვერ იპოვის. მით უმეტეს ახლა, როდესაც კვების ობიექტები დახურულია“, - ამბობს ელიზბარაშვილი.

ცხოველების პატრონებს რომ ჰკითხოთ, ვინ უთხრა, რომ ცხოველები საშიში არიან, მეზობლებისა და ნათესავების ნათქვამს მოიშველიებენ. სრულებით ივიწყებენ ოფიციალურ წყაროებს, სადაც ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
© Sputnik / Vladimir Umikashvili
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი

„დამირეკეთ, ყველაფერს აგიხსნით!“

ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად ტელევიზიით უნდა გადაიცეს კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის, ინფექციონისტების, მოსაზრება, რათა მათ ახსნან, რომ ცხოველები არ წარმოადგენენ საშიშროებას, დარწმუნებულია თამაზ ელიზბარაშვილი. ის ყველას მოუწოდებს, ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ვეტერინარებს, ექიმებს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არ ამოწმებენ ინფორმაციას.

„შიში თავისას შვრება“, - ამბობს თავშესაფრის მეპატრონე.

„დამირეკეთ, ყველაფერს აგიხსნით! ლაპარაკი არ მეზარება, მხოლოდ ძაღლები არ გამოყარონ. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ისინი მაინც თავისას აკეთებენ. ქალაქის ქუჩები გაივსო ძაღლებით, რომლებიც სახლებიდან გამოყარეს. უნდა ნახოთ, როგორი დაბნეულები არიან. დადიან სადარბაზოებში, ევედრებიან ადამიანებს, შეიფარონ ისინი“, - ამბობს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი იხსენებს ასევე შემთხვევებს, როდესაც ძაღლები სახლში ბრუნდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კილომეტრების დაშორებით ტოვებდნენ.

„ძაღლი ბრუნდებოდა, მაგრამ პატრონი არ უშვებდა მას. ერთი მხრივ, მძიმე ვირუსს ვებრძვით, მეორე მხრივ - ადამიანების სისასტიკეს. წარმოიდგინეთ, ძაღლი ოჯახში ცხოვრობდა ათ წელზე მეტხანს და მას გარეთ აგდებენ ვირუსის გამო. მითხარით, თქვენს ოჯახში ბავშვი რომ ავად გახდეს, გარეთ გააგდებთ? ამ ლოგიკით მოხუცებიც უნდა მიაბარონ მოხუცებულთა თავშესაფარში. ასე, რასაკვირველია, არავინ მოიქცევა. მაშინ რა დააშავეს ოთხფეხა მეგობრებმა?“, - სვამს კითხვას თავშესაფრის მეპატრონე.

Приют для животных Тамаза Элизбарашвили
© Sputnik / Vladimir Umikashvili
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი

თუმცა ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის. საბედნიეროდ, თუ ერთნი უარს ამბობენ ძაღლებზე, მეორენი სიხარულით იღებენ მათ.

„ბედის ანაბარა მიტოვებული ძაღლების თითქმის 80% უკვე სხვა ოჯახებმა შეიფარეს“, - ამბობს ელიზბარაშვილი.

იქნებ მატერიალური პრობლემაა?

თავშესაფრის მეპატრონის თქმით, ძაღლებზე მასობრივად უარის თქმის საფუძველი მატერიალური პრობლემა არ არის, რადგან ქვეყანაში ამ დონის საგანგებო სიტუაცია არ არის.

Приют Тамаза Элизбарашвили для бездомных животных
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი

„მარტივად ვიტყვი. თუ ადამიანი ძაღლს ტოვებს მატერიალური პრობლემების გამო, ის შიმშილის ზღვარზე უნდა იყოს. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი ვითარება, რომ ყველანი ვშიმშილობდეთ. როგორიც არ უნდა იყოს ძაღლი, მას თეთრი პურიც ეყოფა, ოღონდაც კი ოჯახში იყოს. გავიმეორებ, ძაღლი, რომელსაც პატრონი მიატოვებს, უარს ამბობს ჭამაზე. რაც არ უნდა მისცე, მაინც არ მიეკარება საჭმელს“, - ამბობს ელიზბარაშვილი.

ადრე ელიზბარაშვილმა დახმარებისთვის რიგით მოქალაქეებს მიმართა, რადგან თავშესაფარი კერძოა და მას სახელმწიფო არ აფინანსებს. მას არ აუღია არანაირი გრანტები, შესაბამისად, ყველა ხარჯი ხელმძღვანელობას აწევს ტვირთად.

„ხალხს ვთხოვე, არ გადაეყარათ ძველი პური და მოეტანათ ძაღლებისთვის. გვეხმარებოდნენ სხვადასხვა სასურსათო მაღაზიებიც. არიან კეთილი ადამიანებიც ამ ქვეყანაზე“, - აღნიშნავს ელიზბარაშვილი.

მისი თქმით, ძაღლები ქუჩაში საშიშროებას არ წარმოადგენენ. ისინი არავის ერჩიან, პირიქით, მადლობლები იქნებიან, თუ ადამიანები მათ ყურადღებას მიაქცევენ. ელიზბარაშვილი ყველას მოუწოდებს, არ იყონ გულგრილები და ოთხფეხა მეგობრებს თუნდაც პურის ერთი ნაჭრით დაეხმარონ. საუკეთესო კი, რაც შეიძლება გაუკეთონ - მიტოვებულ ძაღლებს ახალი სახლი აჩუქონ.

ნათია კვარცხავა

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები