კლდეში ნაკვეთი ისტორია – ყირიმის ულამაზესი ეკლესია-მონასტრები

© photo: Sputnik / Sergey Malgavko„მერცხლის ბუდე“ ყირიმში
„მერცხლის ბუდე“ ყირიმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირიმის ზოგი ტაძარი მეტად უჩვეულო სანახავია – ზოგიერთი მთის კენწეროზეა ამართული, ზოგი კი პირდაპირ კლდეშია ნაკვეთი.

ბევრი მათგანი რევოლუციებისა თუ ომების დროს, ასევე საბჭოთა მმართველობის წლებში დაზიანდა, მაგრამ მათი შენარჩუნება და აღდგენა მაინც მოხერხდა. 

ქვემოთ ნახევარკუნძულის ყველაზე საინტერესო ეკლესია-მონასტრებს გაგაცნობთ.  

ხერსონის მიწისქვეშა ტაძარი-მავზოლეუმი

ეს ტაძარი ხერსონში – ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ძველბერძნულ ქალაქში ადრექრისტიანულ არქიტექტურულ ძეგლადაა მიჩნეული. არქეოლოგები მის ზუსტ ასაკს ვერ ასახელებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ტაძარი აგებულია არაუგვიანეს V საუკუნისა. 

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Andrew Butko / მიწისქვეშა მავზოლეუმი ხერსონესში
კლდეში ნაკვეთი ისტორია – ყირიმის ულამაზესი ეკლესია-მონასტრები - Sputnik საქართველო
მიწისქვეშა მავზოლეუმი ხერსონესში

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იქ მიწისქვეშა და მიწისზედა ტაძრები იყო. ნაწილობრივ შემონახულია კიბე, რომელიც ამ ორ ნაგებობას აკავშირებდა. 

არქეოლოგი ანატოლი იაკობსონი ფიქრობდა, რომ მიწისქვეშა ნაწილი შესაძლოა წარჩინებულთა სამარხი ყოფილიყო. მისი აზრით, ამ ადგილებს IV საუკუნეში ყირიმის განმანათლებელი და წამებული ბასილი ხერსონელი სტუმრობდა ხოლმე. გადმოცემის თანახმად, წმინდანმა ერთ-ერთი ადგილობრივი წარჩინებულის ვაჟი გააცოცხლა. 309 წელს რომის იმპერატორ მაქსიმილიანეს ბრძანებით მქადაგებელი დაიჭირეს და ქვებით ჩაქოლეს.

უძველესი ტაძარი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. გამოცდილი მოგზაურები დამთვალიერებლებს ურჩევენ, ნაკრძალისა და ტაძრის დათვალიერებას ერთი დღე მაინც დაუთმონ.

მამათა მონასტერი ბახჩისარაიში

მარიამ-დერეს ქვაბულის ფერდობზე დგას ყირიმის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი, რომლის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ბერებმა ეკლესია შიგ კლდეში გამოკვეთეს. 

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილზე მწყემსმა ღვთისმშობლის ხატი იპოვა. სიწმინდის სხვა ადგილზე წაღება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ რაღაც ზებუნებრივი ძალის წყალობით ის ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. გამოსახულება დღემდე წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია შემონახული. მის სანახავად ათასობით მორწმუნე მიდის.

XX საუკუნის დასაწყისისთვის მონასტერს რამდენიმე ნაგებობა შეემატა, სადაც საცხოვრებელი სენაკები მოეწყო, მათ შორის, მომლოცველებისთვისაც. თუმცა 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი დახურა, ბერ-მონაზვნები კი დახვრიტა.

დიდი სამამულო ომის დროს აქ საავადმყოფო იყო გახსნილი, შემდეგ – ფსიქიატრიული დისპანსერი. 1993 წელს მონასტერი ეკლესიას დაუბრუნეს.

მისი მონახულების მსურველებმა ჩაცმის მკაცრი სტილი უნდა დაიცვან: ტაძარში შესვლა მამაკაცებს მხოლოდ გრძელი შარვლებით (შორტებით შესვლა არ შეიძლება), ქალებს კი გრძელი ქვედაბოლოებით და თავსაბურავით შეუძლიათ.

წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესია სიმფეროპოლში

პირველი მართლმადიდებელი ეკლესია სიმფეროპოლში 1787 წელს ააგეს, როდესაც ყირიმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

ამ მოვლენამდე ორი წლით ადრე პოლკის მეთაურმა ბორის ტატიშჩევმა გამოისყიდა თათრის სახლი, რომლის ადგილზეც ეკატერინე II-ის დასახვედრად ეკლესია ააგეს. იმპერატრიცამ ტაძარი მოინახულა და მღვდელმსახურებს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და სამოსელი გადასცა.

საბჭოთა ხელისუფლების დროს ნაწილობრივ დანგრეულ ტაძარში აეროკლუბი ფუნქციონირებდა. დიდი ხნის განმავლობაში შენობა დაცარიელებული იყო, 1991 წლიდან კი აქ კვლავ მართლმადიდებელი ტაძარი ამოქმედდა.

სამწუხაროდ, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესიაში არც ისე ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა შემონახული.

წმინდა კოზმასა და დამიანეს მონასტერი და უფლისწულ ალექსანდრეს ემბაზი ალუშტასთან

მონასტერი 1856 წელს ალუშტადან 20 კმ-ის დაშორებით აშენდა. ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა სამეფო ოჯახი. ალექსანდრე III მეუღლესთან მარია ფიოდოროვნასთან ერთად ორჯერ დარჩენილა ტყის სახლში, რადგან აქაურ ტყეებში ნადირობა ჰყვარებია. 

მისი ვაჟი ნიკოლოზ II მეუღლესთან და შვილებთან ერთად აქ ექვსჯერ იყო ნამყოფი. რომანოვების დინასტიის ბოლო იმპერატორი წმინდა წყალში თავისი ვაჟის ალექსანდრეს განსაბანადაც ჩასულა. გადმოცემის თანახმად, ამის შემდეგ უფლისწული გამოჯანმრთელდა (მას ჰემოფილია აწუხებდა – სისხლძარღვების გენეტიკური დაავადება).

ამბობენ, რომ წყაროს წყალი – წმინდა სასწაულთმოქმედების კოზმასა და დამიანეს ლოცვების წყალობით – სამკურნალო თვისებების მატარებელია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყალი შეიცავს ვერცხლს, ვანადიუმს, სილიციუმს.

როგორც ბერები ამბობენ, ვინც რწმენით მოდის, ის იკურნება კიდეც.

რომანოვების დინასტია ყოველთვის მფარველობდა და ეხმარებოდა მონასტერს. მაგალითად, იმპერატორის განკარგულებით მონასტერს მეურნეობისთვის 40 ჰა ტყის ფართობი გამოუყვეს. ბაღებში ჯერაც შემორჩენილია ასწლოვანი ვაშლის მსხმოიარე ხეები.

საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი ძლიერ დაზიანდა. შენობის დიდი ნაწილი XIX საუკუნის საძირკველზე ხელახლა ააგეს. თავდაპირველი იერ-სახით შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც რომანოვების სამეფო სახლის 300 წლისთავის აღსანიშნავად 1913 წელს აღმართეს.

აღდგომის ტაძარი ფოროსში

ტაძარი 1892 წელს გილდიის ვაჭარმა ალექსანდრე კუზნეცოვმა ააგო ნიშნად სამეფო ოჯახის სასწაულებრივად გადარჩენისა 1888 წელს ყირიმიდან პეტერბურგში მიმავალი მატარებლის კატასტროფის დროს.

© photo: Sputnik / Max Vetrov / გადასვლა მედიაბანკშიაღდგომის ტაძარი ფოროსში
კლდეში ნაკვეთი ისტორია – ყირიმის ულამაზესი ეკლესია-მონასტრები - Sputnik საქართველო
აღდგომის ტაძარი ფოროსში

საბჭოთა მთავრობამ ეკლესია ააოხრა, დაამსხვრია ჯვრები და შენობაში რესტორანი გახსნა. 1960-იან წლებში შენობა კვლავ დაცარიელდა. ტაძარი მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1988 წელს აღადგინეს.

დღესდღეობით ის ყირიმის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეკლესიაა. აგებულია კლდეზე, 400 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის თვალწარმტაცი ხედები იშლება.

ყველა ახალი ამბავი
0