23:36 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1122)
21 0 0

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთში ვიზიტისას სსრკ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ დამნაშავედ მოიხსენია. მან ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ჟიტომირისა და ლვოვის დივიზიებმა გაათავისუფლეს.

ზელენსკის რეზონანსულმა განცხადებებმა დაჩრდილა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას წინადადება, რომლითაც მან უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. რას ელის პოლონეთი მეზობლისგან, ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ მასალაში წაიკითხავთ.

დარბევების გმირი

სამგლოვიარო ღონისძიებების პირველ დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოსვენციმში ცერემონიის მონაწილეები „პატივს მიაგებენ იმ ექვს მილიონ ებრაელს, რომლებიც ამ და სხვა ბანაკებსა და გეტოებში დაიხოცნენ“. სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა წითელი არმიაც და საბჭოთა სამხედრო ტყვეებიც, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლთა სიაში იყვნენ. სხვათა შორის, წითელი არმიის გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე მავთულხლართებს გადააბიჯეს, ახსენა ემანუელ მაკრონმაც პარიზში სიტყვით გამოსვლისას. დუდას და მაკრონის უკრაინელმა კოლეგამ კი საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას წითელარმიელების ხსენება საჭიროდ არ ჩათვალა. 

თუმცა მომდევნო დღეს რიტორიკა პოლონეთის ლიდერმაც შეცვალა. უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვისას მან კიევისა და ვარშავის სულ სხვა თანხვედრის წერტილებზე ისაუბრა: „ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, ერთად მივაგოთ პატივი პოლონელი და უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც 1920 წელს ბოლშევიკების შეტევა მოიგერიეს. ბოლშევიკებს, ერთი მხრივ, ებრძოდნენ პოლონელი მეომრები, რომელთაც ზოგჯერ, ფიგურალურად, პილსუდსკის ჯარისკაცებს ვუწოდებთ, მეორე მხრივ, იყვნენ პეტლურა და მისი მებრძოლები“.

სიმონ პეტლურა პოლონეთის პრეზიდენტს შემთხვევით არ უხსენებია. ეს ისტორიული პერსონაჟი ვარშავისთვის ძალიან ხელსაყრელია. 1918 წელს გალიციაში მცირე ხნით შეიქმნა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მოგვიანებით პოლონურმა არმიამ დაარბია. მაგრამ 1919 წლის იანვარში თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ მოასწრო „ზლუკის აქტის“ (გაერთიანების) გაფორმება უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიასთან. დღეს ოფიციალური კიევი ამ მოვლენას 22 იანვარს აღნიშნავს. მაგრამ მაშინ მოვლენები უკრაინელი ნაციონალისტებისთვის დრამატულად განვითარდა. უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარები იგერიებდნენ წითელი არმიისა და რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების – დენიკინის რაზმების შეტევას. ამ პირობებში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ გააფორმა ზემოხსენებული აქტი და თეთრების მხარეს გადავიდა. უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიის მეთაურმა პეტლურამ კი აღიარა ვარშავის უფლება ვოლინსა და გალიციაზე. უკრაინაში ამას დღემდე აფასებენ, როგორც სახელმწიფოს ღალატს.

პეტლურამ სიცოცხლე სიმბოლურად დაასრულა. უკრაინის დირექტორიის ყოფილი მეთაური პარიზში ემიგრაციის შემდეგ სამუილ შვარცბურდმა მოკლა, რომელმაც დიქტატორი ებრაელების დარბევისთვის დასაჯა. საფრანგეთის სასამართლომ შვარცბურდი გაამართლა. 

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად ჰოლოკოსტის მსხვრეპლთა ხსოვნის მემორიალთან

მაგრამ ზელენსკის დუდას სიტყვები ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან სცადა ყურადღება გაემახვილებინა უკრაინის როლზე ოსვენციმის გათავისუფლებაში. „ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ლვოვის დივიზიის მოიერიშე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებიც ბანაკში ებრაული წარმომავლობის პოლონელი ანატოლი შაპიროს ხელმძღვანელობით შეიჭრნენ და უკრაინის პირველი ფრონტის 322-ე დივიზიის მებრძოლებთან ერთად გაათავისუფლეს იგი“, – აღნიშნა უკრაინის მეთაურმა. 

ორივე დივიზია, რომლებიც ზელენსკიმ ახსენა, გორკისა და ვოლოგდის ოლქებში ჩამოყალიბდა. თუმცა იმ დღეს, როდესაც ზელენსკი მონაწილეობდა ოსვენციმის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში, უკრაინაში სხვა რამეს გლოვობდნენ და სხვა „ლვოვის“ დივიზიას იხსენებდნენ. ივანო-ფრანკოვსკში გარდაიცვალა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის „გალიჩინის“ დივიზიის უკანასკნელი ვეტერანი მიხეილ მულაკი. ისიც ბანაკის ტყვე იყო, თუმცა, საბჭოთა ბანაკის, – მწუხარებით აღნიშნავდა უკრაინული პრესა. ოფიციალურმა პირმა, ქალაქის მერმა მწუხარება გამოთქვა ნაცისტის გარდაცვალების გამო.

„რეჟიმების შეთანხმება“

თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ზელენსკის სიტყვებმა „ლვოვის“ დივიზიაზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე. „პოლონეთმა და პოლონელებმა პირველებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე ტოტალიტარული რეჟიმების შეთანხმების შედეგები. ამან გამოიწვია ომი და ნაცისტებს ჰოლოკოსტის წამოწყების შესაძლებლობა მისცა“, – დაასახელა დამნაშავეები ზელენსკიმ.

შესაძლოა დუდას მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულება განპირობებული ყოფილიყო ზელენსკის ერთი დღის წინანდელი გამოსვლით, როდესაც მან ქვეყანას მიულოცა დამდეგი დღესასწაული და დასძინა, რომ „სამამულო ომში გალიცინის დიდი ტერიტორია დაიკავა პოლონელების ჯარმა, ჩრდილოეთ ბუკოვინა – რუმინელებმა, ზაკარპატიე კი – ჩეხოსლოვაკიამ“. 

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky
ყოფილი ტყვე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ვარშავამ და პრაღამ ზელენსკის ეს გამოსვლა უყურადღებოდ დატოვეს. ბუქარესტმა კი, რუმინული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, განმარტება მოითხოვა. რუმინეთში უკრაინის ელჩმა ყველაფერი „არასწორ თარგმანსა და დაუსაბუთებელ ინტერპრეტაციას“ დააბრალა. „ამ ისტორიულ პროვინციებს აღარ ჰქონდათ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სუვერენიტეტი, ამიტომ მათი შთანთქმა სხვა მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან არ შეიძლება ჩაითვალოს ოკუპაციად“, – განაცხადა დიპლომატმა.

რუმინეთისთვის ჩრდილოეთ ბუკოვინას ისტორია მტკივნეულია, რადგან ეს ტერიტორია ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა, მაგრამ 1918 წელს ბუქარესტმა მოახერხა მასზე კონტროლის დამყარება, რომელიც 1940 წელს დაკარგა. მაშინ საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთი ბუკოვინა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში მოაქცია. დიდი სამამულო ომის დროს ვერმახტის მოკავშირე რუმინული ჯარები კვლავ დაეპატრონენ მხარეს, რომელიც 1944 წელს გათავისუფლდა. და რუმინელი ისტორიკოსები ამ მოვლენას „საბჭოთა ოკუპაციას“ უწოდებენ.

კიევის მეთაურის რიტორიკა მოსკოვში დაიწუნეს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება ზელენსკის განცხადებას ომის დამნაშავეების შესახებ: „უკრაინის პრეზიდენტი სოლიდარულია, ჩვენი აზრით, პოლონეთის ხელისუფლების მეტად მცდარი თვალსაზრისისა. ის შეურაცხყოფას აყენებს რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების ათობით მილიონ მოქალაქეს, რომელთა მშობლებმა, ბაბუებმა, ნათესავებმა ევროპის და, მათ შორის, პოლონეთის ფაშიზმისგან გათავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს“.

საერთო ხსოვნა აკრძალულია

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ დიუნოვი მიიჩნევს, რომ დუდას შეთავაზება, დაამყაროს უკრაინასთან „ისტორიული დიალოგი“, ერთდროულად იყო ე.წ. „ტროლიც“ და ეშმაკური ხრიკიც. რადგან პოლონეთთან პეტლურას შეთანხმების ხსენება ნათლად მიანიშნებს ამ შეთანხმების პირობებზე, რომლებიც პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრებს ეხება. 

დიუნოვის ვარაუდით, უკრაინის სათავეში მოსული ადამიანების დილეტანტობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს პოლიტიკაზე. „თუ მეორე მსოფლიო ომის წამოწყება სსრკ-ს დაბრალდება, მაშინვე გაჩნდება კითხვა: და რატომ იდგა უკრაინა განზე? ამასთანავე, 1991 წელს მიღებულ იქნა კანონი უკრაინის სამართალმემკვიდრეობის შესახებ, რომელსაც ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ეფუძნება. იქ კი მკაფიოდაა აღნიშნული, რომ უკრაინა არის უკრაინის სსრ-სა და სსრკ-ის სამართალმემკვიდრე“, – ხაზს უსვამს დიუნოვი.

 

მისი თქმით, ვარშავის ლოგიკის გაზიარება კიევს კანონზომიერ შედეგთან მიიყვანს: „სსრ კავშირისთვის აგრესიის დაბრალების ნებისმიერი მცდელობა ავტომატურად გამოიწვევს მოპასუხეთა შორის უკრაინის, როგორც პირველი თანამონაწილის, მოხვედრას. და, რასაკვირველია, პოლონეთს სავსებით კანონზომიერი კითხვები გაუჩნდება: რატომ ეკუთვნის უკრაინას გალიცია და ვოლინი და ხომ არ არის დრო, დავფიქრდეთ მათ დაბრუნებაზე, თუ ისინი გერმანიასთან შეთანხმების შედეგად იქნა მიერთებული“.

ზელენსკის გამოსვლამდე ორი დღით ადრე პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ისურვებდა ფულადი კომპენსაციის მიღებას მეორე მსოფლიო ომში განცდილი ზარალის გამო არა მხოლოდ გერმანიისგან, არამედ რუსეთისგანაც.

„ზელენსკის სავსებით თანმიმდევრული პოზიცია აქვს. რუსეთში რატომღაც ითვლებოდა, რომ უკრაინაში ხელისუფლების პერსონალური ცვლილება პოლიტიკური კურსის შეცვლას გამოიწვევდა, მაგრამ ეს არ მოხდა, – აღნიშნავს ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი იური სოლოზობოვი. – უკრაინა მიზნად ისახავს საკუთარი ისტორიული მითის შექმნას, რომლის ცენტრშიც უკრაინელები იქნებიან. პოროშენკოს დროს მიღებული დეკომუნიზაციის შესახებ კანონის თანახმად, დიდი სამამულო ომის შესახებ „საერთო ხსოვნა“ ფაქტობრივად აკრძალულია. ზელენსკი განაგრძობს ამ ნაციონალისტურ დისკურსს. მისი წარმომავლობა და პირადი შეხედულებები გავლენას არ ახდენს. არსებობს უკრაინის სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და მას აქტიურდ ლობირებენ იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის ქვეყნის სათავეში“.

სოლოზობოვი განმარტავს, რატომ უჭერს მხარს ვარშავა კიევის იდეოლოგიას მიუხედავად იმისა, რომ თვალში არ მოსდის უკრაინელი ნაციონალისტები. „პოლონეთი თავს უწოდებდა უკრაინის ადვოკატს და, მართლაც, ეს ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც 2014 წლის კონფლიქტისგან იხეირა. ორნახევარი მილიონი უკრაინელი მუშაობს პოლონეთის ეკონომიკის ასაყვავებლად. ეს ორივე მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ ზელენსკიმ აუშვიცში წარმოთქვა ისეთი სიტყვა, როგორსაც მისგან პოლონელები ელოდნენ. თუ პოროშენკოს დროს პოლონეთთან ისტორიულ მეხსიერებაზე კამათი და ომი იყო, ახლა პრიორიტეტი პრაგმატული და შემრიგებლური პოლიტიკა იქნება. მაგალითად, გააქტიურდება დასავლეთ უკრაინასთან პოლონეთის თანამშრომლობა, რომელიც პოროშენკოს დროს ბლოკირებული იყო. დასავლეთ უკრაინა შეიძლება ვერ აღიქვამს თავს პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილად, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მმართველი პარტიის – „სამართალი და სამართლიანობის“ პროგრამაში არის მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ვექტორი. ეს პროგრამა აქტიურად მუშაობს“.

„როდესაც სხეტინა ხუთი წლის წინ საუბრობდა უკრაინელებზე, როგორც ოსვენციმის გამათავისუფლებლებზე, ეს სასაცილოდ არავის ჰყოფნიდა. ახლა გასაგებია, რომ ის სიტყვები შემთხვევით არ თქმულა. ეს უკვე წინასწარ მოფიქრებული ნაბიჯია. არსებითად ასეთია კიევისა და ვარშავის დღევანდელი ოფიციალური პოზიცია“, – ასკვნის სოლოზობოვი.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

თემები:
მსოფლიო დღეს (1122)

მთავარი თემები