შეხვედრაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში შუამავლის როლი დიპლომატებმა შეასრულეს.
ოპოზიცია 14 ნოემბრიდან ატარებს აქციებს და ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას აპროტესტებს. მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
კომპრომისის სახით ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ისინი არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. ამასთან პარტია პარლამენტში მიიღებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგება.
მოქმედი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქებში საარჩევნო ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვეს.
ხელისუფლება განიხილავს მაჟორიტარების არჩევნებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ბევრი დრო წაიღო ოპოზიციისთვის იმის ახსნამ, რომ „გერმანული მოდელის“ მიღება შეუძლებელია.
„საკმაოდ გრძელი საუბარი და დროც წაიღო იმაზე მსჯელობამ, რომ მეორე მხარეს მედიატორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენთვის „გერმანული მოდელი“, მათ შორის ის მოდელი და გერმანული სისტემის მოდელის ვარიაცია, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში, არის მიუღებელი, ვინაიდან არის ანტიკონსტიტუციური“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, დისკუსიის მეორე ნაწილში საერთაშორისო პარტნიორებმა ორივე მხარეს შესთავაზეს წინადადება, რომლის თანახმად პარლამენტის ნახევარი უნდა აირჩეს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება რეალურად ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ რა თქმა უნდა, შიგნით დასჭირდებათ მსჯელობა, კონსულტაციები“, - განაცხადა წულუკიანმა.
ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მომენტები, აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ დღეს წამოჭრილი პრობლემის განსახილველად კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
ოპოზიცია კმაყოფილია, მაგრამ აქციები გაგრძელდება
„ველოდებით მრავალმანდატიან ოლქებზე ან ჩვენი შეთავაზების ნაწილზე მმართველი პარტიის პოზიციას. ეს არის მიღწევა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს იძახდნენ, საერთოდ არც კი დავჯდებით და არაფერს განვიხილავთო, ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების ამ კომპონენტს მრავალმანდატიან კომპონენტს“, - შევედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული, მიტინგები გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან აქტიური.
გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა პოლიტპატიმრების შესახებ, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან ძალადობის გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე.