13:27 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
საქართველოს უზენაესი სასამართლო

როდის დააკომპლექტებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს?

© photo : Supreme Court of Georgia / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
63 0 0

მართალია, მთავრობის დამტკიცებამ დროებით გადაფარა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესი, რომელიც თავის დროზე "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების მიზეზად იქცა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს საკანონმდებლო ორგანო ისევ მიუბრუნდება მოსამართლეების თემას.

ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები შანსს არ უშვებენ, მთავრობის წევრებს წარსული არ შეახსენონ, მაგრამ ამაოდ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც კი ბრძანა, ვინც წარსულის შეცდომებს ინანიებს, მივცეთ გამოსწორების შანსიო.

მისივე თქმით, მოსამართლე არევაძემ, რომელმაც 2011 წელს მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი იარაღის უკანონო ტარებისათვის გაასამართლა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა პატიმრობა. ჭეშმარიტად სამართლიანი მოსამართლე ყოფილა. თანაც - უვადოდ დანიშნული.

სხვათა შორის, მაშინ თამაზაშვილს დღევანდელი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იცავდა, რომელიც ეხლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, მის მოადგილედ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე ყოფილ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოიაზრებენ.

იუსტიციის საბჭომ დიდი წინააღმდეგობისა და კრიტიკის ფონზე პარლამენტში 20-კაციანი სია წარადგინა. მასში 17 მოქმედი მოსამართლეა. უმრავლესობა - უვადოდ დანიშნული. სიაში ვერ მოხვდა ვერც ერთი ადვოკატი ან აკადემიური წრის წარმომადგენელი. არადა, კონკურსში ისინიც იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად ძალიან ცნობილი ადვოკატი და მეცნიერი როინ მიგრიაული.

წარდგენილი 20-კაციანი სიიდან, ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტი 10-ს დაამტკიცებს, დანარჩენ ადგილებს კი მომავალ, 2020-ის პარლამენტს დაუტოვებს.

20-კაციან სიაში პარლამენტისათვის გასული წლის დეკემბერში წარდგენილი 10-კაციანი სკანდალური სიიდან 5 ისევ მოხვდა. ესენი არიან:

თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე და მერაბ გაბინაშვილი. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა და ლევან თევზაძემ თავად გადაიფიქრეს უზენაეს სასამართლოში გადასვლა „ატეხილი აჟიოტაჟის გამო", რომ ხელი არ შეუშალონ ამ „ისტორიულ პროცესს".

მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა მხარს შალვა თადუმაძეს, მის მოადგილე მამუკა ვასაძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრს, ლალი ფაფიაშვილს დაუჭერს.

ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო განხილვები საკმაოდ ხმაურიანი იქნება, მაგრამ არც იმდენად, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები შეაშინოს.

საზოგადოების ნაწილმა მათ „სასამართლოს კლანი“ უწოდა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს კლანი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას. ყველა შემთხვევაში პროცესის გამჭვირვალეობა უკეთეს შედეგებს მოიტანს, თუმცა ჯერ მაინც შორს ვართ იმ რეალობისაგან, როცა მოსამართლეობის კანდიდატების სიები საჯაროდ ქვეყნდება და მათ საზოგადოება აძლევს შეფასებას.

...და რადგან ეს კუკლუქსკლანის ქვეყანაში ხდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენშიც ოდესმე თვალახვეულ თემიდას კომპეტენტური და ნეიტრალური მოსამართლეები მოემსახურებიან.

მთავარი თემები