07:21 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო არჩევნები 2020: გამოცხადდა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ვადები

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (57)
169 0 0

სექტემბერში არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო შესწორების საყოველთაო განხილვა მოეწყობა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება, მათი დამტკიცება კი – დეკემბრის ბოლომდე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომელიც პარტიებისთვის არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, აგვისტოს დასაწყისში წარადგინა. პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შესწორებების ორ პაკეტზე მუშაობს – ცვლილებებზე საქართველოს კონსტიტუციაში და ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში. ორივე პროექტი საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება წარმოდგენილი.

„კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთაგან ერთ-ერთი პარტიების დაფინანსებაა. ეს რეფორმა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებს ეხება. საქართველომ ამ რეკომენდაციების შესრულებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პირობა დადო", – აღნიშნა ჩუგოშვილმა პირველი არხის ეთერში.

ამ დროისთვის ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა. პროცესში მონაწილეობენ პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

გარდა ამისა, სექტემბერში ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო საჯარო განხილვა. ამის შემდეგ დაიწყება სასესიო განხილვები, საკონსტიტუციო ცვლილებები კი ძალაში შევა ნოემბრის დასაწყისში, თუ მათ დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს, განაცხადა ჩუგოშვილმა.

რა იცვლება საარჩევნო სისტემაში

საარჩევნო სისტემაში ცვლილებების პროექტი წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისი სიტყვებით, შესწორებების პროექტი ითვალისწინებს მრავალი სადავო საკითხის გადაჭრას.

მთავარი სიახლე იქნება ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პარტიის ცესკოში რეგისტრაციისთვის. ახალი სისტემის მიხედვით, ყოველმა პარტიამ 25 ათასის ნაცვლად 5 ათასი ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. ამასთან, თალაკვაძის თქმით, ხელმოწერების შემოწმების პროცესი გამარტივდება.

კიდევ ერთი სიახლე იქნება პარტიების დაფინანსების სისტემის ცვლილება. თუ, მოქმედი კანონმდებლობით, პარტიამ სახელმწიფოსგან დაფინანსების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა არანაკლებ 3%, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა არანაკლებ 5% უნდა აიღოს, ახალი სისტემით საკმარისი იქნება პარლამენტში თუნდაც ერთი წარმომადგენლის გაყვანა. ამასთან, პარტიულ სიებში ქალების მონაწილეობისთვის ბონუსები შენარჩუნდება.

სიახლე იქნება ასევე თანაბარი საეთერო და სარეკლამო დროის დათმობა ყველა პარტიისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებს. ყველა პარტიას დებატებში მონაწილეობის უფლება ექნება. საარჩევნო კოდექსში შეიძლება გაჩნდეს ნორმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ.

ამას გარდა, იგეგმება ბიულეტენების ნამდვილობის შესახებ დარღვევებსა და რეგულაციებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ვადების შემცირება.

ცვლილებები ყველასთვის მისაღებია

პარტიების წარმომადგენელთა ყველაზე მეტი პრეტენზია პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის აკრძალვა/დაშვების საკითხმა გამოიწვია.

პარლამენტის საშემოდგომო სესია: თარიღები და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები>>

როგორც ოპოზიციონერთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ფიქრობს, „სიძულვილის ენის" აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ცენზურის დაკანონებას ნიშნავს. მათი აზრით, ამას შეიძლება მოჰყვეს გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა და ხელისუფლება შეეცადოს კრიტიკული აზრის ჩახშობას.

საპარლამენტო არჩევნები 2020

თბილისის ცენტრში მომიტინგეთა ზეწოლის შედეგად ხელისუფლება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარებას დათანხმდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში ბევრი პარტია შეიძლება მოხვდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არ გამორიცხა 2020 წლის არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობის შექმნა.

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას კონსტიტუციის ერთპიროვნულად შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა. მას შემდეგ, რაც 2019 წლის გაზაფხულზე პარტია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, „ქართულ ოცნებას" დარჩა უბრალო უმრავლესობა, რაც საკმარისია ყველა დანარჩენი კანონის მისაღებად.

კონსტიტუციაში შემუშავებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატთა მანდატების გადანაწილება შემდეგი ფორმულით იგეგმება: არჩევნებზე მიღებულ ხმათა საერთო რაოდენობა გამრავლებული 150-ზე და გაყოფილი საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (57)

მთავარი თემები