21:29 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

© photo : courtesy of First Channel / Georgian Broadcaster
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
53530

„რუსთავი 2“-ის საქმე თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა? – რას ედავებიან სააკაშვილის დროინდელ მინისტრს.

როდესაც ხდება პოლიტიკოსის დაკავება, ეს უნდა ხდებოდეს მაღალი სტანდარტით – ასეთია მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე. მას ბრალს დღეს წაუყენებენ, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს და ვიდეოს აქვეყნებს>>>

როცა ასეთ არასტანდარტულ გარემოში ყოფილი პრეზიდენტი მაღალ სტანდარტებს ითხოვს, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს, რომ თუ დღეს ოქრუაშვილს გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლებენ, ის ჩათვლის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სწორედ „რუსთავი 2"-ის მიმართ სამართლებრივი პრეტენზიების გამოთქმის გამო დააკავეს.

თოქ-შოუს წამყვანს მაგალითად ის მოჰყავს, რომ იმავე ბრალდებით დაკავებულ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა და ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესა. 

ორივე მათგანს ბრალად 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები აქვს წაყენებული და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩვენი ინფორმაციით, ოქრუაშვილს არ გამოუშვებენ. მას არც ამერიკის საელჩო გამოექომაგება, არც დიდი ბრიტანეთის და არც დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. დიდი–დიდი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი უფლებების დაცვა და უვნებლად ყოფნა მოითხოვონ. ეს კი აუცილებელია. ოქრუაშვილი სწორედაც რომ ოქროს მოწმეა როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს განვითარებული მოვლენების, ასევე მოგვიანებით დამდგარი ფაქტების შესახებ. სწორედ ამიტომ ითხოვდა კახა კუკავა ოქრუაშვილის, როგორც ფასდაუდებელი მოწმის სიცოცხლის დაცვას. ის სააკაშვილის ხელისუფლების მესამე მინისტრი იქნება, ვინც მატროსოვზე აღმოჩნდება. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას მისი დაკავების არავითარი დიდი სურვილი არ ჰქონდა, რომ არა თავად ოქრუაშვილის აქტიურობა და სკანდალური განცხადებები. რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკოსს აკავებენ, ამას ბუნებრივად დაუკავშირებენ პოლიტიკურ მოტივს. 

ოქრუაშვილი ასე თავის დროზე სააკაშვილმაც დააკავა. მაშინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაჭერას წინ უძღოდა მისი ინტერვიუ „იმედზე" ინგა გრიგოლიასთან, სადაც ოქრუაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი მასთან ერთად გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. არავინ იცის, რითი დაემუქრნენ მაშინ ოქრუაშვილს, მაგრამ სამდღიანი პატიმრობის შემდეგ საზოგადოებამ იხილა საბჭოთა დრამატურგიის ჟანრში ოქრუაშვილის მონანიება და აღსარება, რის შემდეგაც სააკაშვილმა ყოფილი მეგობარი ციხიდან გაათავისუფლა.

ამის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორც თავად აღიარა, წაღებული მილიონების ხარჯზე, პარიზში ცხოვრობდა და იშვიათად თუ შეახსენებდა თავს საქართველოს მოსახლეობას. 2014 წელს მას დავით უსუფაშვილის მეშვეობით უცდია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება და 9-წლიანი რეჟიმის შესახებ ჩვენებების მიცემის სანაცვლოდ გორში არჩევნების მოგება, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ. 

უფრო სწორად, ოქრუაშვილმა ჩვენებები მისცა, „ქართულმა ოცნებამ" კი მას პოსტი – არა. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებები და პოლიტიკაში შემოსვლა ახლა უკვე „გამარჯვებული საქართველოს" სახელით.

წვიმიანი ამინდების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას მეტად ცხელი ზაფხული უდგას.

შემოდგომიდან კი პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება. მაგრამ ხელისუფლების მთავარი გამოწვევა, ალბათ, მაინც ლარის კურსი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება და არა – პოლიტიკური ბრძოლა. თუმცა, ბუნებრივია, დაჭერილების რიცხვმა კრიტიკულ მასას თუ გადააჭარბა, ხელისუფლება მერე უკვე ყოფნა–არყოფნის ზღვარზე იქნება.

 

მთავარი თემები