შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ქართველ მეღვინეებს ესტუმრა.
„როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ქართული ღვინის შეტანა პირველად 2006 წელს აკრძალა და საკუთარი გადაწყვეტილება სასმელში პესტიციდების გადაჭარბებული რაოდენობით ახსნა. ემბარგო მხოლოდ 2013 წელს მოიხსნა და უკვე ერთ წელიწადში ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 60% რუსეთში გადიოდა.
უკვე ხუთი წელია, რუსეთი იმპორტიორი ქვეყნების სიის სათავეშია.
დამზადებულია სიყვარულით
„მინდა საქართველოს რუკაზე საგურამო კიდევ ერთ ღვინის წერტილად ვაქციო“, – აცხადებს გიორგი გაგუა, ღვინის კომპანია Sevsamora Winery-ის დამფუძნებელი.
საგურამოში მეღვინეები ყურძნის ძველი ქართული ჯიშების მოშენებას გეგმავენ. მათ შორისაა გორული მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, თავკვერი, შავკაპიტო, დანახარული, თეთრი ბუდეშური, ბუზა. გიორგი გაგუა ერთ-ერთი მათგანია, ვინც გადაწყვიტა ამ საქმეს მოჰკიდოს ხელი.
გიორგი ამ შემოდგომაზე პირველ მოსავალს ელოდება. ის დამწყები მეღვინეა. ღვინის სარდაფის - Sevsamora-ს გახსნაც შემოდგომაზე იგეგმება. ბიზნესმენი აპირებს ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა რთველს დაამთხვიოს.
განსაკუთრებით ამაყობს გაგუა თავისი ე.წ. ბიოვენახებით.
„უკვე მივიღე სპეციალური სერტიფიკატი „ბიო“. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ბიოვენახებს, რომელთაგან პრემიუმ-კლასის ბიოღვინოს ვაწარმოებთ“, – აღნიშნავს გიორგი.
ბიოღვინო არის ბიოლოგიური ყურძნისგან დამზადებული ღვინო. ასეთი ვაზის გასახარებლად არ იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს. მათ ანაცვლებენ მწვანე და ორგანული სასუქით, ასევე სპილენძის შაბიამნითა და გოგირდით.
ვაზის მწკრივებში აქა-იქ სურნელოვანი ვარდები იწონებენ თავს. და ეს მხოლოდ სილამაზისთვის არ არის, ამბობს გიორგი.
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვარდებს ვენახში იმისთვის რგავენ, რომ მისი ნაყოფი უფრო არომატული იყოს, ზოგი ცრურწმენებზე საუბრობს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ვენახში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს და ვარდს უბრალოდ ესთეტიკისთვის რგავს“, – ღიმილით ამბობს მეღვინე.
სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა – ვარდი სხვადასხვა დაავადებისა და ნაკლის „ინდიკატორი მცენარის“ როლს ასრულებს. ის ძალიან მგრძნობიარე მცენარეა და ყოველთვის ნებისმიერი დაავადებისა და მავნებელი მწერის თავდასხმის ობიექტი ვაზზე ადრე ხდება. ამასთან, ვარდის ფურცლების მდგომარეობით შეიძლება განსაზღვრო, განიცდის თუ არა ნიადაგი მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას.
საინტერესო ლექციის შემდეგ გიორგი ჯერ კიდევ მოსაწყობ მარანში მეპატიჟება. აქ მელოდება მაგიდა ბოკლებით და ექსკურსიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი – ღვინის დეგუსტაცია ამ სოფელში შეძენილი ყურძნისგან დაწურული ექსპერიმენტული პარტიიდან.
არჩევანი შესანიშნავია – ქისი, ჩინური და საფერავი. რომელიმეს გამოყოფა რთულია, რადგან ყოველი მათგანი არაჩვეულებრივია. ამ ღვინის დაგემოვნების შემდეგ უდავოდ გრძნობთ განსხვავებას პრემიუმ-კლასის ღვინოსა და სუპერმარკეტებში ნაყიდ ღვინოს შორის.
ხმები ემბარგოზე
„მე პირადად ძალიან მეწყინება, თუ რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, ვერ მიიღებენ იმ პროდუქტს, რომლითაც თავს ვიწონებთ. ვფიქრობ, რუს მომხმარებელს არ უნდა შეეშალოს ხელი – გასინჯოს კარგი, ხარისხიანი ქართული ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოება ჯერ არ გახსნილა, რასაკვირველია, რუსეთის ბაზარს ჩვენც განვიხილავთ. შექმნილი ვითარებაც გვაშფოთებს“, – ამბობს გაგუა.
ქართულ პროდუქციაზე განმეორებითი ემბარგოს დაწესების რისკი მეღვინეების ყველაზე აქტუალური განსახილველი თემაა.
„თუ ეს მოხდება, ეს დიდი დარტყმა იქნება, პირველ რიგში, მსხვილი კომპანიებისთვის“, – განმარტავს გიორგის კოლეგა, ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთი ჯურხაძე.
მისი თქმით, მსხვილ კომპანიებს რთველის მოლოდინში მშვიდი დღეები არ ელით.
„მეღვინეებს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით უსაფუძვლო პანიკა დაეწყოთ. ყველას თავისი გეგმა აქვს, თავისი განრიგი აქვს. როდის, რა და სად მიდის. ამიტომ პირველივე ბიძგის დროს ყველას ნერვებმა უმტყუნა, როდესაც ემბარგოზე საუბარი ჯერ არც არის“, – ხაზი გაუსვა ჯურხაძემ.
ექსპერტის თქმით, თუ ემბარგო დაწესდება, ეს შოკი იქნება, მაგრამ ბაზარი ამას გაუძლებს. იგი იხსენებს პირველი ემბარგოს მოულოდნელ ეფექტს – მაშინ კრიზისი უძლიერესი იყო, მაგრამ მეღვინეები მას გაუმკლავდნენ, იძულებული გახდნენ, მკვეთრად გაეზარდათ ღვინის ხარისხი და დაეწყოთ ახალი ბაზრების ათვისება.
ამასობაში, მეღვინეები სერიოზულად არიან შეშფოთებული.
„მოდით, ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ – ბიზნესისთვის მტკივნეულია ისიც, თუ მის პროდუქციაზე უარს იტყვის პატარა მეზობელი ქვეყანაც კი. აქ კი საუბარია მრავალმილიონიან სახელმწიფოზე, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ღვინის მომხმარებელი და მოყვარული. ეს ნებისმიერ ბიზნესს ერთ წამში თავდაყირა დააყენებს“, – ამბობს გიორგი.
ვინ დალევს ხვანჭკარას?
შექმნილი ვითარებით განსაკუთრებით არიან შეშფოთებული ის კომპანიებიც, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე მუშაობენ. „ჭრებალოს ღვინის მარანი“ არც ისე დიდი კომპანიაა, რომელიც ღვინოებს – „ხვანჭკარას“, „უსახელოურს“, „ალექსანდროულს“, „რაჭულ თეთრას“, „ბარაკონს“, „ტვიშს“ რაჭა-ლეჩხუმის მაღალმთიან რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან ამზადებს.
ყურძენს აშენებს 2003 წლიდან, საკუთარი ღვინის ჩამოსხმა კი 2017 წლიდან დაიწყო. ამავე წლიდან გააქვს ღვინო რუსეთში.
„დაახლოებით ერთ წელიწადში რვა ათას ბოთლს ვგზავნით. ჩვენ არ ვართ დაბალბიუჯეტიანი სეგმენტი. ერთი ბოთლი საშუალოდ 9,5 აშშ დოლარი ღირს“, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი მირიან ჭიღვარია.
კომპანია ყოველწლიურად მხოლოდ რუსეთის ბაზრიდან დაახლოებით 216,2 ათასი ლარის მოგებას იღებს. ბიზნესმენის სიტყვებით, ღვინო იგზავნება ასევე ევროპის, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.
ქართველი მეღვინე რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე საუბრობს.
თავისი კომპანიის მთავარ სიმდიდრედ ჭიღვარია „ხვანჭკარას“ მიიჩნევს – ბუნებრივად მუქ ლალისფერ, ნახევრად ტკბილ ღვინოს. ის რუსეთში „ტვიშთან“ და „უსახელოურთან“ ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესაა უნიკალური ღვინო, დაწურული ენდემური ჯიშის ყურძნისგან. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2010 წლიდან სახელწოდება „ხვანჭკარა“ საქართველოს აპელასიონების სიაშია შეტანილი და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღვინის მწარმოებლების მიერ გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებს გარეთ.
ნამდვილი ხვანჭკარა მხოლოდ აქ ხარობს და სხვაგან ვერსად განმეორდება. ყურძნის გარკვეული ჯიშების გაშენებისათვის საჭირო უნიკალური მიკროკლიმატის გარდა, უნიკალურია მისი დამზადების ტექნოლოგიაც. ყურძნის წვენი კანთან და წიპწასთან ერთად ღვინდება ქვევრში, მაგრამ მაღალმთიანი რაჭის დაბალი ტემპერატურის გამო შაქრით გაჯერებული ყურძენი ბოლომდე არ დუღდება და ღვინო სიტკბოს ინარჩუნებს.
მირიანი დარწმუნებულია წარმოებული პროდუქტის ხარისხში და ამბობს, რომ მაღალი რუსული სტანდარტებისა და მოთხოვნების მიუხედავად, მის ნაწარმს წუნს ვერ დაუდებენ.
ასოციაცია „ქართული ღვინო“: ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ნუ შევწირავთ>>>
„შესანიშნავად ვიცი რუსული მხარის მკაცრი მოთხოვნები ქართული ღვინის სტანდარტების მიმართ და ვიცავ კიდევ მათ. ამიტომ მზადდება „ხვანჭკარა“ ყურძნის ძვირადღირებული ჯიშისგან – ალექსანდროულისგან, რომლის ერთი კილოგრამი 7 ლარი ღირს და არსებობს მისი ფალსიფიცირების დიდი რისკიც. ჩვენ მივესალმებით შემოწმების მკაცრ სტანდარტებს, რადგან საუბარია ჩვენ პრესტიჟზე“, – ამბობს ჭიღვარია.
ჭიღვარიას სიტყვებით, ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი ალექსანდროულის მოყვანის, აღებისა და გაყიდვის შედეგად 10-12 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია.
„როდესაც დაიხურა ბაზარი, რომელიც სპეციალიზებული იყო „ხვანჭკარაზე“, ყურძნის ფასი ბაზარზე ნაკლები იყო. თავადაც ხომ გესმით, თუ არ იქნება მოთხოვნილება, ეს ყურძენიც აღარავის დასჭირდება, ღვინოსაც არავინ იყიდის“, – ამბობს ჭიღვარია.
თუ ემბარგო მაინც დაწესდება, ბევრი შრომა მოგვიწევს იმისათვის, რომ ახალი იმპორტიორები და დისტრიბუტორები მოვიძიოთ, ფიქრობს ჭიღვარია. აუცილებელია დიდი ძალისხმევა, რომ ეს არ დავუშვათ.