თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. რუსი ექსპერტები დათანხმდნენ ქართული მხარის შეთავაზებას, ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას თბილისში, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
კარასინის მორიგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში ხუთშაბათს გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი და ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსეთის მხრიდან კი - საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები.
რუსეთი დაინტერესებულია ლაბორატორიის საქმიანობის შესწავლით
„დღევანდელ შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე ქართულ მხარეს შემოთავაზებისთვის და რუსი ექსპერტების მიწვევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ ამას მართებულად მივიჩნევთ, მაგრამ შევთანხმდით, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ექსპერტებმა შეხვედრა უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ – რისთვის ჩამოდიან, რას დაათვალიერებენ. ექსპერტებიც იმიტომ ჰქვიათ, რომ ტელეკომპანიების მომზადებულ რეპორტაჟებს არ ენდობიან", – განაცხადა კარასინმა.
მისი სიტყვებით, სპეციალისტები დაინტერესებული არიან, შეისწავლონ ლაბორატორიის საქმიანობა, დასვან კითხვები და მიიღონ სრულფასოვანი პასუხები.
კარასინს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
„რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის" საქმიანობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა. მათი მტკიცებით, ამ დაწესებულებაში ფარულად მოქმედებს აშშ-ის სახმელეთო ძალების კვლევითი სამედიცინო ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლა წარმოადგენს.
ონიშჩენკო: ლეგენდა ლუგარის ლაბორატორიაზე არცთუ დამაჯერებელია>>
მოსკოვის მესვეურთა აზრით, აშშ და საქართველო ყველა ღონეს ხმარობენ, შენიღბონ და დამალონ ამერიკული ჯარის ამ ქვედანაყოფის კვლევების ნამდვილი არსი. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს აწარმოებს და ყველანაირი ეჭვი მის მართლსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
მოსკოვის რეაქცია საქართველო–ნატოს თანამშრომლობაზე
კარასინმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხეს შეუქმნის.
„ეს საფრთხეს უქმნის არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს. ერთია, როდესაც ჩვენ გვყავს კეთილი მეზობელი, რომელსაც აქვს პრობლემები, და ჩვენ ურთიერთობებში არსებობს პრობლემები, მეორეა, როდესაც შენი მეზობელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია", – განაცხადა კარასინმა.
კოლეგის განცხადებაზე საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. 2011 წელს საქართველომ მიიღო "ნატოს ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი. 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა იმ ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსის წევრობისკენ სწრაფვაში დაეხმარებოდა.
ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება
2019 წლის პირველ კვარტალში ქართული საქონლის მიწოდება რუსეთის ბაზარზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა. რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 11,6%-მდე მოიმატა, აღნიშნა კარასინმა.
„რუსეთი ყიდულობს საქართველოში წარმოებული ღვინის 2/3-ს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლისთვისაც, ბუნებრივია", – დასძინა კარასინმა.
დიპლომატის თქმით, ღვინის გარდა, საქართველოდან რუსეთში გადის წყალი, ფეროშენადნობები, ცენტრიფუგები და მედიკამენტები. თავის მხრივ, რუსეთიდან საქართველოში იგზავნება ნავთობპროდუქტები, ხორბალი, ნახშირი, გაზი და კვების პროდუქტები.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ასევე, რომ საქართველოში საგრძნობლად მოიმატა რუსი ტურისტების რიცხვმა.
„მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების 2019 წლის საერთო მაჩვენებელი გადააჭარბებს 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს. შარშან რუსი ტურისტების რიცხვმა მილიონ-ნახევარი შეადგინა", – აღნიშნა კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შესამჩნევად გაღრმავდა კავშირი ორი ქვეყნის შემოქმედებით კოლექტივებს შორის.
„მაგალითად, ახლა მოსკოვში გასტროლებით იმყოფება თბილისის დრამატული თეატრი. იგი მონაწილეობს ჩეხოვის ფესტივალში. თავის მხრივ, რუსული შემოქმედებითი კოლექტივები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს ქალაქებს სპექტაკლებითა და კონცერტებით", – აღნიშნა კარასინმა.
დიპლომატმა დასძინა ასევე, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ფულადი გადარიცხვები ხორციელდება.
„მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთიდან საქართველოში 129 მილიონი დოლარი გადაირიცხა", – აღნიშნა კარასინმა.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. თუმცა პარტია „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
ამჟამად დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.