09:37 24 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2390
  • 100 RUB4.5838
  • USD2.8971
გაკვეთილზე

რა ბედი ელის 67 ათას პედაგოგს – ხელისუფლება განათლების ძირფესვიან რეფორმას იწყებს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
34840

ქართულ განათლების სისტემაში რეფორმები ძალიან ფრთხილად, მაგრამ დაიწყო. ძირითადი მესიჯების გახმოვანება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

როგორც ჩანს, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნარატივი 2020 წლისათვის განათლების გრძელვადიანი ხედვის წარდგენა და პედაგოგთა ხელფასების ზრდა იქნება. იმ ადამიანთა სასახელოდ, ვინც ამ კამპანიის სტრატეგიულ კომუნიკაციას გეგმავს, უნდა ითქვას, რომ ძირითადი გზავნილები სწორადაა მიწოდებული საზოგადოებისთვის, თუმცა სასკოლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე სწორედ ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იკვეთება.

პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ 2020 წლიდან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება. სექტემბრიდან 1500 ლარამდე იზრდება კვალიფიციური პედაგოგების ხელფასები. თუმცა ამავე დროს იგეგმება საპენსიო ასაკის პედაგოგების შემცირებაც, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ უპასუხებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ 67 ათასი პედაგოგი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალზე ბევრია, თუმცა აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში სკოლა პრაქტიკულად რამდენიმე ბავშვის გამო არსებობს და მათი არარსებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სკოლებს ემუქრებათ დახურვა, არამედ სოფლებსაც – გაქრობა.

საბედნიეროდ, მთავრობა საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებიც სისტემას ნებაყოფილობით დატოვებენ, ორი წლის ხელფასის ერთჯერადად გადახდას და სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევის შენარჩუნებას ჰპირდება. გაეროს ბავშვთა ფონდი იუნისეფი, რომელსაც ეკუთვნის საგანგაშო კვლევა ბავშვთა სიღარიბის შესახებ, დიდი ხანია გვირჩევს, რომ განათლების დონის ასამაღლებლად შევამციროთ პედაგოგთა რიცხვი, გადაუხადოს მათ სახელმწიფომ დიდი კომპენსაცია და გაუზარდოს ხელფასი კვალიფიციურ კადრებს.

ასევე საინტერესო შეთავაზებაა გამოცდაზე ორჯერ გასვლის შესაძლებლობაც. დღეისათვის პედაგოგების საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასვლის სურვილი 6 ათასმა ადამიანმა გამოთქვა. ხოლო თუ მათ შესაბამისი შეფასება ვერ მიიღეს, შემოდგომაზე კიდევ ერთხელ მიეცემათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

ჯერჯერობით არც მინისტრი ბატიაშვილი და არც პრემიერი არ გვეუბნებიან, როგორ მოახერხებენ საჯარო სკოლებში პედაგოგთა კვალიფიკაციის გაზრდას, ან როგორ მოიზიდავენ ახალ, საინტერესო კადრებს, რადგან პედაგოგად გახდომა სწორედაც რომ მოსამართლეთა შერჩევის ჩაკეტილ წრეს დაემსგავსა. ალბათ პრემიერი ამ მესიჯებს შედარებით გვიან, წინასაარჩევნო პერიოდში გაახმოვანებს.

ვითარება რომ საკმაოდ რთულია და საქართველოს, პირველ რიგში, განათლების მოდიფიკაცია სჭირდება, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს. იდგმება კონკრეტული ნაბიჯებიც, თუმცა – მაინც არასაკმარისი, რომელიც ვერ ცვლის სიტუაციას რადიკალურად.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, საქართველო 2018 წელს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. კიდევ უფრო მძიმედაა კვალიფიკაციის საქმე. კვალიფიკაციით და უნარ-ჩვევებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 140 ადგილიდან 111-ე ადგილზე გავიდა.

ასე რომ, განათლების სისტემის მესვეურებს მართლაც ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ჩინური სიბრძნე ამბობს: „თუ ერთწლიანი გეგმა გაქვს, დათესე ბრინჯი, თუ 10-წლიანი გეგმა გაქვს, დარგე ხე, თუ 100-წლიანი გეგმა გაქვს, მიეცი განათლება ბავშვებს“. ასე რომ, ჯანდაცვის პროგრამის შემდეგ ხელისუფლების მიერ განათლების გრძელვადიანი პროგრამის წარდგენა და მისი განხორციელება ქვეყანას ნამდვილად წაადგება. 

მთავარი თემები