18:11 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
საქართელოს პარლამენტის სხდომა

კობახიძე: „მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები გვეყოლება...“

© photo: Parliament of Georgia / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (31)
8701

„ქართული ოცნება“ დათანხმდა ვენეციის კომისიის მხოლოდ ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რითაც ოპოზიცია გააბრაზა

პარლამენტის დეპუტატებმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვის, კამათისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. მესამე, ბოლო მოსმენისას მხოლოდ ტექნიკური ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 31.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც ეს ცვლილებები შეიმუშავა, მსგავსი კანონპროექტების დასამტკიცებლად პარლამენტში საკმარისზე მეტი დეპუტატი ჰყავს, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირება არ უცდია.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან: რას მოითხოვენ დეპუტატები „ქართული ოცნებისგან“ >>

ცვლილებების განხილვა საერთო ჯამში 13 საათს გაგრძელდა. ამჯერად დეპუტატებმა თითქოსდა გადადეს გვერდზე პარტიული დაპირისპირება და სცადეს მიეღწიათ კონსენსუსს მნიშვნელოვან საკითხზე - როგორ გახადონ სასამართლო სისტემა თავისუფალი ხელისუფლების სხვა შტოების გავლენებისგან.

თუმცა, კენჭისყრის წინ გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის. ოპოზიციამ დაადანაშაულა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იმაში, რომ მან ვენეციის კომისიის შენიშვნების იგნორირება მოახდინა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეეცადა დაერწმუნებინა ოპოზიცია იმაში, რომ მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეთა შერჩევის შეთავაზებული კრიტერიუმები იმაზე უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში არსებობს.

„კანონპროექტი ადგენს უპრეცენდენტო პროცედურას. შეგიძლიათ ნახოთ, ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოთ ღია, გამჭვირვალე, გახსნილი პროცედურა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შედეგისთვის კეთდება, მთავარი არის ის, რომ ჩვენ შედეგად მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები გვეყოლება უზენაეს სასამართლოში. ეს არის კანონპროექტის სულისკვეთება და საბოლოო მიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის „არც ერთ რეკომენდაციაში არ არის საუბარი, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს“.

სასამართლო სკანდალი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებმა მმართველ პარტიაში სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

2018 წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან უზენაეს სასამართლოს კატასტროფულად აკლია მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დათმობაზე წავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კანონპროექტზე მუშაობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შესწორებები ცალკე შეიმუშავა საპარლამენტო ოპოზიციამ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად. ორივე კანონპროექტი ჩავარდა და ბესელიამ, რომელიც ქვეყანაში ბოლო სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნება“ დატოვა. მის მაგალითს შვიდმა დეპუტატმა მიბაძა.

რა გაითვალისწინა უმრავლესობამ

მეორე მოსმენისთვის ძალაში დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის ხუთივე ეტაპი (ოთხი ძირითადი და ერთი დამატებითი), რომელიც პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიიღო. შეიცვლა მხოლოდ ზოგიერთი კრიტერიუმი და ვადები.

მესამე ძალა? მოძრაობა „დაიცავი საქართველომ“ ახალი თამაში დაიწყო >>

მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებსაც უზენაეს სასამართლოში მოხვედრა სურთ, კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევად ფარული კენჭისყრის გაუქმების რეკომენდაცია „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა.

როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ფარული კენჭისყრის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ვინმეს ზეგავლენისგან დამოუკიდებლად, ანუ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური.

მმართველმა პარტიამ ასევე უარი თქვა შეასრულოს ოპოზიციის რჩევა, რომლის მიხედვით უზენაეს სასამართლოში ყველა ვაკანტური ადგილი ერთბაშად არ უნდა შეივსოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გულისხმობდა მოსამართლეთა ნაწილის დანიშვნას 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„თუ წარმოგვიდგენენ კარგ სპეციალისტებს, არასწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ თქვენგან მხოლოდ ათის აყვანა შეგვიძლია, რადგან მეტის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი >>

ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნა - შერჩევის კრიტერიუმები გაფართოვდა და ფორმულირებები დაიხვეწა.

როგორ მოხდება შერჩევა

ახალი კრიტერიუმების თანახმად, თავდაპირველად იუსტიცის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას დაიწყებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მათ უნდა მიაწოდონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი რეზიუმე, ავტობიოგრაფია და რეკომენდაციები. მთელი ეს ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

პირველ ეტაპზე საბჭო ფარული კენჭისყრით, დამოუკიდებლობისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩევს მინიმუმ 45 პირს (ვაკანტურ ადგილებზე სამჯერ მეტი). შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს. გარდა ამისა, დაიწყება მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმება (ოპოზიციის მოთხოვნით - რედ.). ის კანდიდატი, რომელიც ინფორმაციის წარმოდგენაზე უარს განაცხადებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეტენდენტთა სიიდან გამოირიცხება (ოპოზიციის მოთხოვნით - რედ.)

შემდეგ ეტაპზე საბჭო შეამცირებს კანდიდატთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>

შემდეგ დაიწყება კენჭისყრა - თითოეულ დარჩენილ კანდიდატს საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს. შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება კანდიდატთა დამტკიცებული სია, ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.

მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (31)

მთავარი თემები