21:18 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
„ქართული ოცნება“

ღარიბაშვილი დაბრუნდა – „ქართული ოცნების“ ირგვლივ ვნებათაღელვა მწვავდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (23)
14610

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განახლება, რომელიც მისმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო – პოლიტიკაში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები განხორციელდა >>

ღარიბაშვილისთვის „ქართულ ოცნებაში“ განსაკუთრებული ადგილი – პოლიტიკური მდივნის პოსტი შეირჩა, რომელსაც აქამდე დეპუტატი გია ვოლსკი იკავებდა. ვოლსკი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდება.

ღარიბაშვილი დიდ პოლიტიკაში 2011 წელს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდა. მანამდე ის ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობდა.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს ივანიშვილი საქართველოს მთავრობას ჩაუდგა სათავეში, ერთი წლის შემდეგ კი დატოვა პოსტი და პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. ის ჩაანაცვლა ღარიბაშვილმა, რომელიც პრემიერის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მზადება არჩევნებისთვის

როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, ღარიბაშვილის დაბრუნება ივანიშვილის მიერ დაანონსებული პარტიის განახლების და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადების შემადგენელი ნაწილია.

ივანიშვილი პარტიის განახლებაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო.

„როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ის იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს“, – განაცხადა „ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ შემდგომში ღარიბაშვილმა შეიძლება მაღალი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავოს.

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება. თუმცა, ეს მომავლის საკითხია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გაერთიანებას შეძლებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა და გამოცდილი კადრია. ის პარტიის საქმიანობაში თავიდანვე იყო ჩართული, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ყველაზე უკეთ შეძლებს მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობაში და ცვლილებებში თავიდანვე ჩართული იყვნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადების ფარგლებში ხორციელდება.

ბურჯანაძე და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლამ გააერთიანა >>

„პროცესები, რაც პარტიაში მიდის, კიდევ უფრო მეტად გაუხსნის კარს ახალ, მომავლის ხედვის მქონე მოტივირებულ ადამიანებს. 2020 წლის არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, ეს პროცესები კანონზომიერია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია მოლოდინშია

დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც მმართველი პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა, ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში დადებითად შეაფასა.

„ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მივესალმები. თუმცა, მმართველ პარტიას სერიოზული სისტემური ცვლილება სჭირდება შიგნით. ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმ უთანხმოებებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, მმართველობის არასწორ პრინციპებს უკავშირდება“, – აცხადებს ეკა ბესელია.

საპარლამენტო პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში მისი დასასრულის დასაწყისად აღიქვა.

„ამას შეიძლება აგონია დაარქვა. ანეკდოტია, როცა ღარიბაშვილს დაუძახეს დასახმარებლად. წარმოიდგინეთ, როგორ დღეში უნდა იყოს ივანიშვილი და მისი მთელი გუნდი! ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმისა, რაც არასწორი იყო „ოცნებაში". პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საზოგადოებას არც კი აუხსნა, რატომ წავიდა თანამდებობიდან, უთხრეს, ახლა უნდა გაქრეო და გაქრა, ახლა დაუძახეს და მოდის“, – განაცხადა ბოკერიამ.

თემები:
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (23)

მთავარი თემები