„მორჩა, მოწევას თავს ვანებებ!“ — ეს ალბათ ბოლო დღეების ყველაზე პოპულარული ფრაზაა საქართველოში. და ეს იმიტომ, რომ წლის დასაწყისიდან სიგარეტზე ფასმა ორჯერ მოიმატა.
რატომ ძვირდება ქვეყანაში სიგარეტი, მართლაც შემცირდება თუ არა მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში და კიდევ რამდენით შეიძლება მოიმატოს ფასებმა თამბაქოს ნაწარმზე, ამის შესახებ Sputnik-საქართველოს თამბაქოს უმსხვილესი კომპანია British American Tobacco-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე ესაუბრა.
რატომ ძვირდება სიგარეტი?
ყველაფერი ადვალორული გადასახადის ბრალია, რომელიც 2015 წელს შემოიღეს, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ — ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
თავდაპირველად ადვალორული გადასახადი ერთ კოლოფ სიგარეტზე მისი ღირებულების 5% იყო. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი ის 30%-მდე გაიზარდა, რაც მწეველებმა „მძიმედ“ შეიგრძნეს.
თამბაქოს კომპანიებმაც, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული, გადაწყვიტეს, სიგარეტზე ფასი ეტაპობრივად გაზარდონ.
რა თქმა უნდა, კომპანიებს შეეძლოთ, ფასი ერთბაშად გაეზარდათ, დადგენილი გადასახადის თანახმად, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკით ეს მიღებული არ არის, რათა მყიდველებში შოკი არ გამოიწვიონ. აბა, წარმოიდგინეთ, რომ 5 ლარად ღირებული სიგარეტი უცბად 7 ან 8 ლარი გახდეს?! ეს მომხმარებლებისთვის ნამდვილი შოკი იქნებოდა... ამიტომ, საერთაშორისო პრაქტიკით, ფასის ეტაპობრივი მატებაა მიღებული“, — განმარტა ზვიად სხვიტარიძემ.
რა ეღირება სიგარეტი?
British American Tobacco-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში სიგარეტის ფასი კიდევ გაიზრდება. თუ რამდენით, ამის გამოთვლა ახლავე შეიძლება.
„ადრე პროდუქტზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში 5 ლარი ღირდა, ადვალორული გადასახადის სახით 10%-ს ვიხდიდით, ანუ 50 თეთრს. ამას დაუმატეთ სააქციზო განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე — 1,7 ლარი. ანუ ჩვენ ვიხდიდით 2.2 ლარს ერთ კოლოფ სიგარეტზე, რომელიც 5 ლარი ღირდა. პლუს დღგ. ახლა კი ჩვენ 30%, ანუ 1,50 ლარი უნდა გადავიხადოთ და ამას უნდა დავუმატოთ 1,70 ლარი. გამოდის, რომ ახლა 5 ლარიან სიგარეტზე ჩვენ 3,20 ლარს ვიხდით. თუ ამ ყველაფერს შევკრებთ, მივიღებთ 8.20 ლარს. სწორედ ამდენი ერირება სიგარეტი“, — განმარტა სხვიტარიძემ.
დაანებებენ თუ არა მოწევას თავს საქართველოში?
ადვალორული გადასახადის აწევა საქართველოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა იყო ბიუჯეტის შევსებისა და მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით.
მაგრამ ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ ფასების მომატება სიგარეტზე, საერთაშორისო პრაქტიკით, გავლენას არ ახდენს მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე. პირიქით, ამ რეგულაციებს კიდევ უფრო დამღუპველი შედეგები მოსდევს.
„მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება. აქ უკვე საქმე ისაა, რას იზამს მწეველი შემდგომ. რა თქმა უნდა, ის დაბალხარისხიანი პროდუქციის შეძენას დაიწყებს... ჩვენში შემოაქვთ თამბაქო, რომლისგანაც ადამიანები თვითონ ახვევენ სიგარეტებს. ეს მზა სიგარეტთან შედარებით, 5-6-ჯერ იაფი ჯდება“, — განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.
ამასთან, მან ასევე არ გამორიცხა ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა სომხეთიდან და რუსეთიდან.
„ამგვარად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა, მათ შორის, მწეველები, რომლებიც აღარ აკონტროლებენ, რას ეწევიან... ყველაფერ ამას ნეგატიური შედეგი მოსდევს და ეს შედეგებიშესაძლოა ბევრად ტრაგიკული იყოს“, — ასკვნის ზვიად სხვიტარიძე.