მევახშეობის „გედის სიმღერა“...

© Pixabay / pasja1000ამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იცვლება ქვეყნის საფინანსო ბაზარზე, ვინ და რატომ გადაწყვიტა ლაგამი ამოსდოს ე.წ. მევახშეებს და რას ითვალისწინებს მომავალი რეგულაციები

ქვეყნის საფინანსო ბაზარზე თამაშის წესები იცვლება. რეგულაციების ერთი ნაწილი ძალაში შევიდა. მომავალი წლიდან კი ეროვნული ბანკი უკვე კერძო გამსესხებლებსაც შეზღუდავს და ე.წ. მევახშეებს მოუწევთ „აპეტიტს“ მოუკლონ. თავად განსაჯეთ, თუ დღემდე კერძო ფიზიკური პირები კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10 პროცენტად გასცემდნენ, 2019 წლიდან სესხის საპროცენტო განაკვეთი გაუნახევრდებათ. როგორც შევიტყვეთ, ახალ რეგულაციაზე ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობენ. დარგის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოცზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

კობა გვენეტაძე: „გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო საკმაოდ დიდი კანონპროექტი, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მსესხებლების უფლებების დაცვას ეხება. 2019 წლის 1 იანვრიდან ეროვნული ბანკი სწორედ მათი უფლებების დაცვას შეუდგება. საფინანსო სექტორში ზოგადად ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეეხება კონკრეტულად მსესხებლებს და დამატება, რომელიც ახლა კეთდება, ზუსტად ამ მიმართულებით იგეგმება. ყველამ იცის, რომ გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც საკრედიტო საქმიანობას ეწევიან და სწორედ ამ კუთხით არის ნაბიჯი გადადგმული, რომ მოხდეს მსესხებლების უფლებების დაცვა იმ პრინციპებით, რომლებიც გვაქვს შემუშავებული. რაც შეეხება კონტროლს, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი რეგისტრაციის გარეშე ეწევა საკრედიტო საქმიანობას, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს, რომელთა მოვალეობა იქნება შესაბამისი ზომები მიიღონ…“

კანონპროექტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტების სარეგისტრაციოდ მოსაკრებელი წესდება და ის 10.000 ლარი იქნება.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
მერე რა, რომ ძაღლი ყეფს... ქარავანი მიქრის!...

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა სახის და რამდენად მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება დაურეგისტრირებელ გამსესხებლებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია დარგის სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა დამოკიდებულება. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს შეეძლოთ მსგავსი ინიციატივით უფრო ადრე გამოსულიყვნენ. მათივე მოსაზრებით, უკვე გადადგმული და სამომავლოდ გათვალისწინებული ნაბიჯები შედეგს გამოიღებს და მსესხებელთა უფლებები გაცილებით დაცული იქნება.

ანალიტიკოსი ანდრო გვიდიანი: „როდესაც პირი ან ორგანიზაცია დაკავებულია კრედიტის გაცემით, ყველანაირ ლოგიკაში ჯდება, რომ ეს საქმიანობა მოაწესრიგოს ეროვნულმა ბანკმა, შესაბამისად, ეს ინიციატივა უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ახლა დაწყებული ცვლილება და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა დროულია. ამჯერად ეს არის სწორი პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იგეგმება. პირადად მე კითხვები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. ეს მიდგომა არის კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ტარდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან…“

NDI ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
განცდები ციფრებში... ანუ ვინ რას ფიქრობს და რატომ?

საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური ფონი ბოლო პერიოდის განმავლობაში არც თუ ისე სახარბიელოა და ის ვერ აკმაყოფილებს თუნდაც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, კერძო მევახშეების ვალზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი ვალები ხდება პრობლემური და მსესხებელი სულ რაღაც თვეებში კარგავს ქონებას, რომლითაც სესხი იყო უზრუნველყოფილი. ჩვენში კერძო მევახშეობამ იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ გაცილებით გაზრდილია როგორც გამსესხებლების, ასევე მსესხებლების რაოდენობა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა პრესაში, მასმედიასა და არასამთავრობო სექტორში ხშირია მევახშეობისგან დაზარალებული მოქალაქეების მიმართვიანობა.

კერძო მევახშეები საფინანსო ბაზარზე თავიანთ წესებს წლების მანძილზე ადგენდნენ. ამ ეტაპზეც სექტორი რეალურად არაფორმალურია და კერძო გამსესხებლებს არანაირი რეგულაცია არ ეხებათ. სესხზე მაქსიმალური განაკვეთი აქვთ დაწესებული, რაც კი შეიძლება არსებობდეს. არავისთვის უცხო არ არის, რომ საკრედიტო ვალდებულებების გასასტუმრებლად გაყიდული მოძრავი და უძრავი ქონების საერთო მოცულობაში საკმაოდ დიდი წილი ე.წ. მევახშეების „აპეტიტის“ დაკმაყოფილებაზე მოდის. აუცილებელია ამ სექტორის აღრიცხვა, ხელშეკრულებების აღნუსხვა… სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს — ასე ფიქრობს სპეციალისტთა ერთი ნაწილი და ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე დატანილ სურვილად არ დარჩება…

ფული - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „ამ მიმართულებით რომ ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომაც, ეს კარგია. მევახშეობა იყო სრულიად უკონტროლო და თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი, სადაც კერძო პირები თავიანთი დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირებაა საჭირო, რადგან კერძო გამსესხებლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ თეთრი ლაქა, სუსტი წერტილი ეპოვათ კანონმდებლობაში და ისე განეხორციელებინათ თავიანთი ფინანსური საქმიანობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ რეგულაციამ რეალურად იმოქმედოს, ამას სჭირდება მკაცრი ადმინისტრირება. იმედია, ეროვნული ბანკი და ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს…“

ოპტიმისტური მოლოდინების პარალელურად არის მოსაზრება, რომ რეგულაციების მიუხედავად ამ სექტორის მართვა ბოლომდე გაჭირდება და ე.წ. შავი ბაზარი და ჩრდილოვანი ეკონომიკა მაინც იარსებებს. არსებობს ეჭვები, რომ უმრავი კერძო მევახშის უკან მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დგას და მევახშეები შუამავლები არიან. როგორც არ უნდა იყოს, სფერო რეგლამენტაციას მოითხოვს. საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა ამით, ბევრმა ვალები დაიდო და ქუჩაში დარჩა. საჭიროა ოქროს შუალედის ნახვა, გარკვეული დოზით სახელმწიფოს ჩარევა ამ საქმეში და რეგულაციების დაწესება. თუმცა, მაინც და მაინც მძიმე როზგით არა, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ…

ყველა ახალი ამბავი
0