საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ორგანიზაცია - იუნესკო - დღეს, 16 ნოემბერს თავის 72-ე დაბადების დღეს აღნიშნავს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლთა სიაში დღეისთვის წარმოდგენილია 1073 ძეგლი, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO,  United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) —გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც  1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში მდებარეობს, ორგანიზაციის თემატური ოფისები და წარმომადგენლობები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. ამჟამად იუნესკოს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა ჰყავს.

1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში 1975 წელს შევიდა. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი, რომელიც ამ სიაში 1978 წელს შევიდა, იყო გალაპაგოსის კუნძულები.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანი თითოეული ობიექტი დაცვაა, თუ, რა თქმა უნდა, იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს და მოქმედებს  2002 წლიდან.

საქართველო იუნესკოს სრულუფლებიანი  წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია ევალება.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, დღესდღეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი შედის:

1. მცხეთის ისტორიული ძეგლები — იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს და მასში გაერთიანებულია მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო. მოვლა-პატრონობის სისტემის და არათანმიმდევრული განაშენიანების გამო, ისინი 2009 წელს  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე საფრთხის  ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.

© photo: courtesy of Goga Chanadiriჯვრის მონასტერი
Работа грузинского фотохудожника Гоги Чанадири из серии Грузия сверху - храм Джвари - Sputnik საქართველო
ჯვრის მონასტერი

2. გელათის სამონასტრო კომპლექსი — იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ნომინაცია მოიპოვა და ნუსხაში ბაგრატის საკათედრო ტაძარიც შევიდა. 2010 წელს იუნესკოს კომიტეტის 34-ე სესიაზე ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 2017 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსი ამ სიიდან ამოიღეს, ბაგრატის  ტაძარი კი, იმავე სესიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ორგანიზაციის მფარველობიდან გავიდა, ჩატარებული რეკონსტრუქციის გამო.

© photo: Sputnik / A. Aleksandrov / გადასვლა მედიაბანკშიგელათი
Гелатский монастырь в Грузии - Sputnik საქართველო
გელათი

3.ზემო სვანეთი — იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1996 წელს შევიდა. მასში შედის ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში.

© FB/ Vaxo Naverianiსვანური კოშკები თოვლში
სვანური კოშკები თოვლში - Sputnik საქართველო
სვანური კოშკები თოვლში

2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წევრობის კანდიდატად საცდელი სია წარუდგინა. ჯერჯერობით, ნომინაციად არც ერთი არ არის მომზადებული. სიაში 15 ისტორიული და ბენებრივი ძეგლი შედის:

1. ალავერდი 2. ანანურის ციხე 3. კოლხეთის ეკოსისტემა 4. დავით-გარეჯი 5. დმანისი 6. გრემი 7. კვეტარა 8. მთა-თუშეთი 9. ნიკორწმინდა 10. სამთავისი 11. შატილი 12. ძველი თბილისი 13. უფლისციხე 14. ვანი 15. ვარძია-ხერთვისის ციხე

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი სია, რომელშიც წარმოდგენილია სამი ქართული ნომინაცია:

1. ქართული მრავალხმიანობა — 2001 წელს ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ის შეიტანეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. აღსანიშნავია, რომ ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო უნიკალურ, ხელთუქმნელ 19 შედევრს შორის დასახელდა.

2. ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი — იუნესკოს სიაში შეიტანეს 2013 წელს.

3. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა —2016 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ამ დასახელებით შევიდა ქართული ანბანის სამი სახეობა — მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, ორგანიზაციას განსახილველად წარედგინა ნომინაცია „ქართული ჭიდაობა“.  გადაწყვეტილებას, ნომინაციასთან მიმართებით, 2018 წლის ბოლოს მიიღებენ.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0