დიდი, პატარა, ჯუჯა და... ვითომ სახელმწიფოები

გამოწერა
იმედი მაქვს, ეს ზოგადი გეოგრაფიული მიმოხილვა მკვეთრად გააფართოებს თქვენი ცოდნის არეალს.

ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა, მათ შორის ქვეყნებსაც. არსებობს დიდი, ანუ ზესახელმწიფოები (აშშ, ჩინეთი, რუსეთი), საშუალო და პატარა (მაგალითად, ჩვენ), ჯუჯა ქვეყნებიც ვიცით შუაგულ ევროპაში (სან-მარინო, ლიხტენშტეინი, ანდორა). ჩვენი საფეხბურთო ნაკრების „გადამკიდე“, ისეთის  არსებობაც გავიგეთ, როგორიცაა სენ-კიტსი და ნევილი. სწორედ ამ არასაფეხბურთო ქვეყნის სტუმრობამ მიბიძგა მომეძიებინა მსგავსი სახელმწიფოები მსოფლიო მასშტაბით. გეოგრაფია საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ, თურმე, სენიორ პაგანელამდე ბევრი მიკლია. ეს კიდევ არაფერი, უცნაურობები არც  ევროპელ „ჯუჯებს“ აკლიათ. ავიღოთ, თუნდაც, ლიხტენშტეინში მოქმედი კანონი, რომლის ძალითაც კატეგორიულად აკრძალულია თოფის (და ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღის) სროლა იმ მოტივით, რომ ტყვია „დაარღვევს“ ქვეყნის საზღვარს და, შესაძლოა, ვინმე დააზიანოს მეზობელ სახელმწიფოში. თუმცა, მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ.

ოკეანეთში არის ასეთი ქვეყანა — პალაუ (ტერიტორია – 459 კმ², მოსახლეობა 21 347 ადამიანი). რესპუბლიკა პალაუ ულამაზესი ბუნებით 300-მდე კუნძულზე მდებარეობს. ამ კუნძულების ირგვლივ 130 სახეობის ზვიგენი დაცურავს, თუმცა, ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილად ითვლება ტბა, სადაც 2 მილიონი მედუზაა. მათი საცეცები არ სუსხავს და ტურისტებიც სიამოვნებით სტუმრობენ აქაურობას.

იქვე შორიახლოს კიდევ ერთი მსგავსი ქვეყანაა — ნიუე (ტერიტორია – 261 კმ², მოსახლეობა 1 190 ადამიანი). მიუხედავად ბუნების სილამაზისა, ტურისტები დიდად არ სწყალობენ ამ კუნძულს და, რომ არა ახალი ზელანდიის დახმარება, ადგილობრივებს ძალიან გაუჭირდებოდათ. თუმცა, დედაქალაქში, სადაც 600-მდე ადამიანი ცხოვრობს, არის აეროპორტი და ნამდვილი სუპერმარკეტიც კი.

CC0 / Wikipedia/ NASA / Niueნიუე
ნიუე - Sputnik საქართველო
ნიუე

ავსტრალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰატ რივერის სათავადო (ტერიტორია – 75 კმ2, მოსახლეობა 30 ადამიანი). ვინმე ლეონარდ კეტლიმ საკუთარი ფერმა გამოაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მართალია, არც გაეროს და არც სხვა ქვეყნებს თავი არ შეუწუხებიათ მისი ცნობით, მაგრამ აქ საკუთარი ვალუტაც აქვთ და პასპორტიც. ერთი მისი მცხოვრები კი სპეციალურ საფოსტო მარკებსაც ამზადებს.

აუცილებლად უნდა ვახსენო ნაურუ (ტერიტორია – 21 კმ², მოსახლეობა 9 591 ადამიანი). პლანეტაზე ყველაზე პატარა კუნძული-სახელმწიფო, რომელსაც არც დედაქალაქი აქვს და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კუნძული იმდენად დაბინძურებულია, რომ ტურისტები ახლოსაც არ ეკარებიან. ამასთან, თურმე, ნაურუ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჭარბწონიანი ადამიანების პროცენტული რაოდენობით (70%).

ოკეანიიდან აქვე, ევროპაში გადმოვინაცვლოთ. იტალიის ტერიტორიაზე არსებობს კიდევ ერთი სათავადო — სებორგა (ტერიტორია – 4,91 კმ², მოსახლეობა 312 ადამიანი). ქვეყანას მართავს მისი უდიდებულესობა მარჩელო პირველი. სებორგა პატარა სოფელია საფრანგეთის საზღვართან ახლოს და, თქვენ წარმოიდგინეთ, გააჩნია თავდაცვის სამინისტრო და არმია, რომელიც შედგება… 3 ადამიანისგან: მინისტრი და ორი მესაზღვრე.

CC0 / Flickr/ Kévin Veau / Seborgaსებორგა
სებორგა - Sputnik საქართველო
სებორგა

იტალიის დედაქალაქ რომის ტერიტორიაზე, ვატიკანის გარდა, კიდევ ერთი სახელმწიფო ყოფილა — მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი, რომელიც სამ შენობაშია განთავსებული (ერთი აქედან კუნძულ მალტაზეა). ქვეყანას აქვს საკუთარი ვალუტა, ინტერნეტ-საიტი, მანქანის ნომრები და პასპორტები. საინტერესოა, რომ ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოფიციალური სახელმწიფო ენა ლათინურია.

ახლა კი დღევანდელი ინფორმაციის მთავარი სიახლე! აშშ-ის ნევადის შტატში, სან-ფრანცისკოსთან ახლოს არის სახელმწიფო მოლოსია (ტერიტორია 0,055 კმ², მოსახლეობა 7 ადამიანი), რომელიც მისტერ კევინ ბომ დააარსა 30 წლის წინ. ქვეყანას აქვს ჰიმნი, გერბი, დროშა და საკუთარი პასპორტები. მისტერ ბოს გარდა, აქ ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, სამი ძაღლი, კატა და ერთი კურდღელი. აქაური კანონებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას!!! რაც მთავარია, ადგილობრივმა მეცნიერებმა (!) შეიმუშავეს საკუთარი კოსმოსური პროგრამა.

იმედი მაქვს, ეს ზოგადი გეოგრაფიული მიმოხილვა მკვეთრად გააფართოებს თქვენი ცოდნის არეალს. რაც შეეხება ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანების კატეგორიას, მათთვის ეს ჩამონათვალი ფასდაუდებელი განძი მგონია. შეუძლიათ თამამად აირჩიონ და საცხოვრებლად ეწვიონ ამ მიკროსახელმწიფოებს, თუ ოჯახის წევრებსაც გაიყოლებენ, სავარაუდოდ, ზოგიერთ მათგანში ხმათა უმრავლესობასაც მოიპოვებენ და, იქნებ, მთავრობის მეთაურობასაც გამოკრან ხელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0