ქართველი დეპუტატების ვიზიტი რუსეთში თბილისსა და მოსკოვში შეაჯამეს

© photo: Sputnik / STRINGERვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დეპუტატების ვიზიტი მოსკოვში დადებითი ნაბიჯი იყო, რადგან რუსეთისა და საქართველოსთვის შეხების წერტილების პოვნა მნიშვნელოვანია, მიიჩნევენ ექსპერტები

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი ნანა დევდარიანი დეპუტატების ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ვიზიტს მოსკოვში დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამას გარკვეული შედეგი მოჰყვება.

ქართველი დეპუტატები მოსკოვში რუს დეპუტატებთან მოლაპარაკებებისთვის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩავიდნენ. მხარეები შეთანხმდნენ არაფორმალური საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე იმსჯელებს.

„შეხვედრა დეპუტატებს შორის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის საკითხზე ტაბუ მოიხსნას. თუნდაც ეს მიზანი იქნება მიღწეული. შემდგომ შეიძლება ვიფიქროთ, როგორ წავიწიოთ წინ… რუსეთსაც აქვს თავისი ინტერესები და საქართველოსაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, და, რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები. შეხების წერტილების პოვნა ჩვენს ინტერესებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. და თუ ამ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკებთ და შემდეგისთვის გადავდებთ, საერთოდ არაფერი იქნება", — აღნიშნა დევდარიანმა.

© photo: Sputnik / STRINGERნანა დევდარიანი
Эксперт-политолог Нана Девдариани - Sputnik საქართველო
ნანა დევდარიანი

მთავარია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი დიალოგი შესაძლებელია, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიმართოს, რადგან ნებისმიერი დიალოგი რაღაცამდე მაინც მიგვიყვანს, აღნიშნა მან.

„ამიტომ ეს ვიზიტი მხოლოდ დადებითი კუთხით უნდა განვიხილოთ, არ შევხედოთ პესიმიზმით, რომ არაფერი გამოვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ამაზე საჯარო სივრცეში დაიწყოს საუბარი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებების წრე გაფართოვდეს. თუ ეს წრე გაიზრდება, უფრო მეტი პოზიტიური წინადადება იქნება ამა თუ იმ მხრიდანაც", — განაცხადა დევდარიანმა.

დევდარიანს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია "რუსეთი-ნატო-საქართველოს სამკუთხედის" შექმნა, რომელიც ვიზიტის დროს საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომიამ დააყენა და რომელსაც დსთ-ის საკითხებზე სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა მხარი დაუჭირა.

© photo: Sputnik / STRINGERვიდეოხიდის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში
Участники из Тбилиси в ходе видеомоста с Москвой по вопросу поездки группы грузинских депутатов в РФ - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დადგა საქართველო-რუსეთი-ნატოს ფორმატის წინადადება. ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია. პირადად მე დიდ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ, მაგალითად, დასავლეთსა და რუსეთს შეუძლიათ საქართველოზე საქართველოს გარეშე შეთანხმდნენ. ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. აქ შეიძლება ყველაზე ცუდ შედეგს ველოდოთ", — აღნიშნა დევდარიანმა.

ანალიტიკოსმა, ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დეპუტატების ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა დასძინა, რომ ძალიან პოზიტიური შეფასებების გაკეთება ნაადრევია.

„ეს 25 წლის განმავლობაში ჩვენი დეპუტატების პირველი შეხვედრა იყო და მით უფრო, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში პატარა ფრაქციას წარმოადგენენ, თან — ოპოზიციურს. აქ საკითხის განხილვა შეიძლება მომავლის კუთხით — რა გველოდება წინ, როგორ განვითარდება ეს კონტაქტები. პირველი შედეგი, რაც ამ შეხვედრების შემდეგ გვაქვს, ისაა, რომ ასეთი დიალოგი გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს დიალოგს ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის… იქნება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. დასაწყისისთვის ესეც დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს", — აღნიშნა კაპანაძემ.

© photo: Sputnik / STRINGERვასო კაპანაძე
Васо Капанадзе - Sputnik საქართველო
ვასო კაპანაძე

მისი თქმით, უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები მომავალში და როგორი დამოკიდებულება ექნება ამის მიმართ მმართველ პარტიას "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო".

„ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მმართველ ძალა "ქართულ ოცნებას" ამ საპარლამენტო კონტაქტების მიმართ და ჩაერთვებიან ამაში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები თუ არა. მნიშვნელოვანია, მივა ეს კონტაქტები სახელმწიფო პირველ პირებამდე, მაგალითად პრეზიდენტების დონემდე, თუ არა. და ჩაერთვება თუ არა ამ დიალოგში ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რა ტენდენციები იქნება ამ მიმართულებით", — აღნიშნა კაპანაძემ.

© photo: Sputnik / STRINGERვიდეოხიდის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში
Участники из Тбилиси в ходе видеомоста с Москвой по вопросу поездки группы грузинских депутатов в РФ - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს დროული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება სარგებლის მომტანი გახდეს.

„დეპუტატებს ნამდვილად არ შეუძლიათ ორ ქვეყანას შორის უზრუნველყონ შეთანხმებები, პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლების შტოების გვერდის ავლით, იმ შტოებისა, რომლებსაც პირველ რიგში აქვთ საკუთარი ქვეყნის წარდგენის უფლება საგარეო პოლიტიკაში. მათ შეუძლიათ რაიმე იდეები, წინადადებები წამოაყენონ. პარლამენტის დეპუტატებს აქვთ პოლიტიკური ტრიბუნა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს იდეები, წინადადებები უფრო მკაფიოდ გახმიანდეს და უფრო მაღალი პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს", — აღნიშნა სილაევმა.

მისი თქმით, დეპუტატები არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელზეც პასუხს აღმასრულებელი ხელისუფლება აგებს, მაგრამ მათ გარკვეული უფლებამოსილება გააჩნიათ იმისთვის, რომ დააყენონ და განიხილონ რაღაც საკითხები და მიაღწიონ იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობების თემატიკა რუსეთშიც და საქართველოშიც განიხილონ მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნებზე და ის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ამოვარდეს.

ჟურნალისტის, ექსპერტის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ნადანა ფრიდრიხსონის განცხადებით, პოლიტიკოსების შეხვედრა სრულებით კანონზომიერია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დღეს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

„დღეს რუსეთის საქართველოთი უფრო მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე საქართველო რუსეთით. რამდენადაც ქვეყანა დასავლეთის ქვეყნების, აშშ-ის ფოკუსშია, საქართველოს აინტერესებს ნატო… რუსეთს უკიდურესად ესაჭიროება, თავი ხელში აიყვანოს და დაიწყოს მუშაობა რბილი ძალით. პირველ რიგში, შეისწავლოს ქართული პოლიტიკური ველი, რადგან, ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ჩქეფს. შეხვედრა შესანიშნავია. და მინდა მჯეროდეს, რომ დიალოგი მოსკოვსა და თბილისს შორის, ბოლოს და ბოლოს, მკვდარი წერტილიდან დაიძვრება. მაგრამ ამისთვის რადიკალური და კარდინალური პოლიტიკური ქმედებებია საჭირო", — აღნიშნა მან.

11 ივლისს რუს დეპუტატებს შეხვდნენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და იურიდიულ საკითხთა საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე. ქართველი კოლეგების მხრიდან მათ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ყველა ახალი ამბავი
0