ძალიან დილა მშვიდობისა!
თქვენ, ჩვენი საერთო აივანი და მე, წელს გახშირებული ქარების გამო, ძლივს მოვესწარით ჯერ გაზაფხულს და მერე ზაფხულის დადგომას. ყოველ დილით შეწუხებული გამოვრბივარ და ბროწეულის ხეზე ყვავილებს ვითვლი. იშვიათ „უქარობებს“ ბოლომდე მაინც არ ვენდობი. ხომ იცით, ქარი ქალივით ცვალებადია, ამპარტავანი და თავნება. აბა, რას გაუგებ…
მაგრამ დღეს ჩვენ აივანზე იმდენად ყველანაირად დიდი კაცი ამობრძანდება, რომ ქარების და ქარიშხლების, შტორმების, მუსონების, პასატების, ტაიფუნების, საჰარაში გამეფებული სიროკოებისა და, მით უმეტეს, ტყემლიანი იმერული ნიავების აღარ შეგვეშინდება.
ეს კაცი ერთმანეთში საოცრად ნიჭიერად იტევს შეუპოვარ ციკლონებსა და უნაზეს ბრიზებს.
ხან ძალიან ხმაურიანია, ხან იმდენად მინორულად დახვეწილი, რომ განსაკუთრებით უნდა დაუგდო ყური. თუ ვერ გაიგებ, ესე იგი, კიდევ ბევრჯერ უნდა მოუსმინო.
ჩვენი განუმეორებელი დონ კიხოტი, იორამი, ელიბო, სიმონ ჩაჩავა, ტიტე ნატუტარი, ლორდ ჰასტინგსი, ჩონთა, თავადი კოწია, შავი აბდულა და უამრავი სხვა.
საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, დიდების ვარსკვლავის მფლობელი, შესანიშნავი მსახიობი და პიროვნება კახი კავსაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 5 ივნისს.
პირადად მე ბატონი კახის რეგალიებსა და ჯილდოებს შორის განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი კიდევ ერთს: 2001 წელს ბატონი კახი იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის „იპოს“ ლაურეატი გახდა.
ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ბავშვივით გულწრფელი და მზესავით ნათელი კაცია, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს და გვიხალისებს, რადგანაც ბატონი კახი ნამდვილი კაცი–დღესასწაულია!
არ ვიცი, თქვენ დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ჩემთვის ბატონი კახი ევგენი მრავინსკიზე, არტურო ტოსკანინიზე და, სხვათა შორის, ჰერბერტ ფონ კარაიანზეც უკეთესია.
ბატონი კახი ბავშვობიდან მახსოვს – გულუბრყვილობით, სიმაღლით (სანტიმეტრებს სულაც არ ვგულისხმობ), არტისტიზმითა და იმ სიკეთით, რომელსაც გრძნობენ მხოლოდ ბავშვები და ცხოველები.
მაგრამ დღეს მინდა გავიხსენო ერთი თოვლიანი საღამო მოსკოვში. სულ პატარა მე და დედიკო მაღაზიებში დავრბოდით და, უნივერმაღ „მოსკვადან“ გამოსულებმა, ბევრსაათიან რიგებში დგომისგან დაღლილებმა, უცებ კახი შევამჩნიეთ. ძალიან ლამაზად თოვდა, ორმეტრიანი კახი კი ლაღად მოაბიჯებდა თოვლში და ხელში აყვანილი ლამაზი ბელა მოჰყავდა! იცით, როგორ მოჰყავდა? როგორც რაღაც უძვირფასესი განძი და დედოფალი… და მაშინ პირველად მივხვდი, რომ სიყვარული არის ის, რაც ყველაზე უფრო ძლიერია.
მერე ერთად დავბრუნდით ტაქსით სასტუმროში.
ცხოვრების განმავლობაში, როდესაც რაღაცაზე გული მწყდებოდა, რაღაც ფასეულობების გადაფასება მიწევდა, წარმოსახვით სულ იმ ტაქსში ვჯდებოდი ხოლმე, სადაც კახი და ბელა ისხდნენ შესანიშნავად, საოცრად… და მშველოდა.
კახი კავსაძემ და ბელა მირიანაშვილმა ერთად 26 წელი გაიარეს. ურთულესი და, დარწმუნებული ვარ, ულამაზესი და უბედნიერესი 26 წელი…
ჰარემის მფლობელი აბდულა, რომლის ჰარემში გაწევრიანებაზეც უამრავი ქალი ოცნებობდა, სინამდვილეში მაინც დონ კიხოტი აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც თავად ბატონი კახი ამბობს, დონ კიხოტზე უფრო ბედნიერი, რადგან მისი ბელა მის ცხოვრებაში რეალობა იყო და არა ფანტაზია…
სხვათა შორის, ბატონი კახი აბდულას არც ყაჩაღად თვლიდა და არც ბანდიტად. მისი აზრით, ის იყო კაცი, რომელიც გასაბჭოებისას საკუთარ სახლს იცავდა, და არავისი საქმე არ იყო — იმ სახლში 9 ცოლი ჰყავდა თუ 27…
მთავარია, რომ აბდულა იცავდა ტრადიციებს ბოლომდე. კახი ამასაც ამბობდა: „მე ცოტათი ჩემ გმირს ვგავარ, მაგრამ, საბედნიეროდ, იარაღი არასდროს გამომიყენებია და, იმედი მაქვს, არც გამოვიყენებ“.
შემეძლო ამის გარდა არაფერი არ დამეწერა, მაგრამ არც შემეძლო. 55 წლის ვარ, მაგრამ ბატონ კახისთან პატარა ბავშვივით ვგრძნობ თავს.
ბატონი კახი ღირსეული ქართველია, ლამაზი პიროვნებაა, საოცრად ნიჭიერი კაცი და უღალატო მეგობარი.
მინდა რომ ერთად გავიხსენოთ კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის შესანიშნავი დუეტი…
როდესაც ბატონი გივი გარდაიცვალა, კახიმ თქვა — ეკრანზე კეთილი რომ გამოხვიდე, ასმაგად კეთილი უნდა იყო ცხოვრებაში. გივის წასვლასთან ერთად დადებითი ძალა წავიდა ამ ცოტა არადადებითი ცხოვრებიდანო.
მჯერა, რომ სანამ ბატონი კახისნაირი ადამიანები გვეყოლება გვერდით, რომლებიც ამ „ასმაგად სიკეთეს“ გვასწავლიან, ცხოვრება ღირს…
ბატონი კახი ბოლოს ორი წლის წინ ვნახე. მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. როცა დავემშვიდობე, მიბრძანა, ჩაჯექი მანქანაშიო – ახლა ჯემალის შვილს ფეხით ხომ არ გაგიშვებო, და მთლად სახლამდე მანქანით მიმაბრძანა. ასეთია კახი კავსაძე…
რატომღაც მაშინაც გამახსენდა მისი უარყოფითი და მაინც მომხიბვლელი აბდულა, რომელიც, წესით და სცენარის მიხედვით, ძალიან ცუდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ… სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა — ეს უარყოფითი გმირი ზედმეტად დადებითად გამოიყურებაო, როგორ შეიძლება ბანდიტი გმირი იყოსო. აი, ეს კი ბატონი კახის განსაკუთრებული ხიბლის „ბრალი“ იყო…
სცენარის მიხედვით, კახი-აბდულას მინიმუმ 9 ცოლი ჰყავდა – ზარინა, ჯამილა, გიუზელი, საიდა, ზუხრა, ლეილა, ზულფია, ჰაფიზა და გულჩიტაი. მაგრამ
მის გულში ყოველთვის ერთი ქალი იყო და არის — შველივით ნაზი და განუმეორებელი ბელა მირიანაშვილი – მისი ჯულიეტა, დულსინეა და გრუშე…
ჩვენც ერთი გვყავს საოცარი კახი კავსაძე, დიდებული კახი! ყველაფრის მიუხედავად, დღემდე არაჩვეულებრივად ოპტიმისტური და იმ ვარსკვლავივით მოკაშკაშე, წინასწარ რომ იცი — ვერ მიწვდები, მაგრამ მაინც ძალიან რომ გინდა მიწვდე. ბოლოს კი გთავაზობთ უნიკალურ კადრებს – ცეკვავენ კახი კავსაძე და ლადო გუდიაშვილი:
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და კახი კავსაძესავით დიდებულად გაცისკროვნებულ დღეს!