08:20 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
28830

1 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღინიშნავს ხსენებას: მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუცისა და მარიანე დიაკონისა; მოწამისა პანქარესი.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა ქრისანთო

წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმიდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა დევნულობის გამო დამალული პრესვიტერი კარპოფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთომ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართობისაკენ და დააქორწინა ათენა-პალადას ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმიდანმა ცოლიც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ.
თანაქალაქელებმა ეპარქ კარელინთან იჩივლეს, რომ წმიდა ქრისანთო და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმიდა ქრისანთო ტრიბუნ კლავდის გადაეცა საწამებლად.
ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიმ ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდი ტრიბუნი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდის მეუღლე, წმიდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმიდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.
იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმიდა ქრისანთო და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.
წმიდათა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ, ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.

წმიდა მოწამე პანქარი

იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო. მან უარყო ქრისტე და წარმართობა მიიღო.
დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ, მოენანიებინა. პანქარიმ იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით!

 

მთავარი თემები