პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ...

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით. თქვა უწმინდესმა და უნეტარესმა.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ქართული სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის სულიერი წინსვლისთვის. ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას.

„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ დავაჯილდოვოთ მოძღვარი. დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით“, - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, ცხოვრება რთულია, მაგრამ უფალი აძლევს ადამიანს ძალას და სიბრძნეს, არ ტოვებს ობლად. ცხოვრება ემსგავსება კიბეს, ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა, აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ილია მეორე: მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება

„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ – ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ. მაცხოვარი ამბობს, „თხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“, - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე, რომელიც უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული.

ქადაგების ბოლოს მან ძალა და მშვიდობა შესთხოვა უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

„ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

ყველა ახალი ამბავი
0