09:46 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (231)
25410

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 თებერვალს ღირსი იოანე ჭიმჭიმელის, (პეტრიწის) მღვდელმოწამის ხარალამპისა და მისთა თანამოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა მოწამეთა, ასევე ქალწულმოწამეთა: ენათას, ვალენტინას და პავლას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

იოანე ჭიმჭიმელი (იოანე პეტრიწი)

საეკლესიო კალენდრის მიხედვით  23 თებერვალი ღირსი იოანე ჭიმჭიმელს ხსენების დღეა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც იოანე პეტრიწი.

იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ“ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე „თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ“.
 იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. მოსე ჯანაშვილი კი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი

წმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოეხსენა, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად (იგი უკვე 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: „გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული!"

მოხუცის მოთმინებისა და სრული განურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა -პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება დაიწყო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული.

ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა.

ენაფა, ვალენტინა და პავლა 

ენაფა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიუსის დროს ეწამნენ (305-311) წელს ქრისტესთვის. წმიდა ენაფა ქალაქ ღაზის (სამხრეთ პალესტინაში) ცხოვრობდა, წმიდა ვალენტინა - პალესტინის კეისარიაში, და პავლა კი იქვე კეისარიის მახლობლად მოღვაწეობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენაფა მიიყვანეს. მან გამედულად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად დასაჯეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს დაწვეტიანი იარაღებით აწამეს. ღმერთების უპატივცემულობისათვის მსჯავრდადებული ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუ-ღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენაფასთან ერთად მახვილით მოკლეს.

ბოლოს პავლაც წაიყვანეს. ქრისტეს ნეტარმა სასძლომ ახოვნად დაითმინა ურიცხვი სატანჯელი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)

მთავარი თემები