11:48 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
40910

16 თებერვალი (ძველი სტილით 3 თებერვალი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია.

16 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია  მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912). ხსენების დღეს აღნიშნავს

მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-

247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.

და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაÅლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი”.

წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

წმიდა ანა წინასწარმეტყველი

წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც სიქალწულეში გაჰყოლოდა.

«იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ. ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში»-წერია ლუკას სახარებაში. 

უფლის ნებით,"ესე მასვე ჟამსა მოიწია", ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას»

მოწამენი პაპიუსი, დიოდორე და კვლავდიანე 

პაპიუსი, დიოდორე და კვლავდიანე დეკიუსის (249-251) მეფობის დროს ქრისტიანობას ქადაგებდნენ პამფილიის პერგეში. ამისთვის ისინი შეიპყრეს და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს ( 250). არსებობს ცნობა, რომ წმიდა მოწამეები ღვიძლი ძმები იყვნენ.

მოწამენი: ადრიანე და ევბული

მოწამენი ადრიანე და ევბული დაახლოებით 308-309 წლებში ეწამნენ ქრისტესთვის. პალესტინის კესარიაში სხვა აღმსარებლების მოსანახულებლად მიმავალი წმიდანები ქალაქის კარიბჭესთან შეიპყრეს და ქალაქის თავს მიჰგვარეს.სხვადასხვაგვარი წამების შემდეგ წმიდა ადრიანე ლომს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ, როცა ნადირმა მას პირი არ დააკარა, თავის მოკვეთით დასაჯეს. წმიდა ევბული მხეცებს დააგლეჯინეს.

წმიდა მოწამე ვლასი კესარიელი

წმიდა ვლასი კესარიელი წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.

წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს, მან ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკურთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული.

მოციქულთასწორი ნიკოლოზ, იაპონიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ ის 1860 წელს ბერად ნიკოლოზის სახელით აღიკვეცა, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილით იაპონიაში გაამწესეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.

რვა წლის განმავლობაში წმიდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქადაგება. 1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა.

1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა საკუთარ თავზე 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა. იმავე წელს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობა დაიწყო, დააარსა სკოლაც, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.

დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.

1911 წელს უკვე  იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.

1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი 

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა თავდაპირველად პოლიცკში იმყოფებოდა, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოთმა, 1263 წელს კი – პოლიცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმიდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი იაროსლავ იაროსლავის ძე ამ დროს დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).
ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა.

ისტორიამ შემოგვინახა წმიდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: „სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხნია: „მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება”. კონსტანტინე არ მოსწონებია პასუხი: „მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს იღებს, ხალხს ტანჯავს, მე კი რას ვაკეთებ ცუდს?” „თუ მთავარი კეთილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყვარება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოშიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე ადამიანს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ებრალება და ობლებსა და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და განუსჯელ ადამიანს აირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც“, _ განუმარტავს ღირს მამას.
წმიდა სვიმეონი გარდაიცვალა 1289 წლის 3 თებერვალს.

 

მთავარი თემები