ილია მეორე ბარბარობასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება. 

ზესტაფონი - Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ბარბარობა აღინიშნება

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო – რომ თავს ღმერთს შესწირავდა.

წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა – დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთი VIII საუკუნისაა.

ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.

ყველა ახალი ამბავი
0