08:49 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
33 0 0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა, ღირსი აკეფსიმეს,  მართლისა სნანდულიასი ხსენებას აღნიშნავს

ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).

წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1308 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი (1809-1875) წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

ღირსი აკეფსიმე 

ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი

წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში. არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმიდა მარტვილის ნახვა ისურვა. ქანცგამწყდარნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად.

წმიდა მოწამენი, მხედარნი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი

წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის უღმერთოებმა ისინი 320 წელს, ლიკინიუსის ზეობისას (307-324) ცეცხლში გამოწვეს.

ღირსი აკეფსიმე 

ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი სნანდულია

ღირსი სნანდულია, კეთილმსახური სპარსელი ქრისტიანი ქალი, თავის სიმდიდრეს უხვად გასცემდა საპორ II-ის დროს სპარსეთის ციხეებში პყრობილ ქრისტიანთა დასახმარებლად. გარდაიცვალა დაახლოებით 350 ან 380 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

მთავარი თემები