17:18 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (226)
158 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი - იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი 

წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმიდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.

ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბერკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.

გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე

შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი - სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. 

როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დამორჩილდნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს.

მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნნენ - სურდათ, განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. მაგრამ ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა“;  

განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა.

ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. ნეტარი მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა.

მოისმინა რა ეპისკოპოსმა ჭაბუკის ნაამბობი მღვიმეს მიაშურა  და შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი

ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა.

თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“,

შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება მეორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 4 აგვისტოს მიეძინათ, 22 ოქტომბერს კი გამოიღვიძეს.

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და ოთხნი დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია 

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელიზავეტამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (226)

მთავარი თემები