22:53 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
10510

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

მთავარი თემები