06:33 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
14510

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა

VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ. დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოწვეულ იქნა VII მსოფლიო კრება, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმბრძოლობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

VII მსოფლიო კრების მამათა ხსენება გარდამავალი დღესასწაულია, რომელიც ოქტომბერში აღინიშნება.

ღირსი პარასკევა სერბი

ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეუძრა სახარების სიტყვებმა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

მთავარი თემები