22:46 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
17010

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა  სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა. 

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.

მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს - წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში.

იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის).

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის. 

კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული.

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, წმიდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

მთავარი თემები