საეკლესიო კალენდარი: 29 სექტემბერი

© photo: Sputnikსიონი
სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას, ჩეხეთის დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 28 სექტემბერი

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმიდა ისააკიც თავისთან დატოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლიკაცის კონსტანტინეპოლში წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგაზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმიდა ისააკი და იოსები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმიდათა გვამები მიწას.  (+808)

წმიდა დიდმოწამე ეფემია

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

შიო-მღვიმის მონასტერი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 27 სექტემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანა 

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ მმართველის ბრძანებით,  თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მელიტინა

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო . ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს  - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

წმიდა მოწამე ლუდმილა

წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ. გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0