საეკლესიო კალენდარი : 6 სექტემბერი

© Sputnik / Levan Avlabreliმთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს
მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 სექტემბერს ღირსი სერაპიონ საკვირველთმოქმედის, ძმები კარბელაშვილების, მღვდელმოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფის, მოწამე ტატიონეს, მოწამე სირას, სპარსელი ქალწულის, ღირსი გიორგი ლიმნიოტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სერაპიონ საკვირველთმოქმედი 

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმინდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმინდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა.

ანჩისხატი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 5 სექტემბერი

ძმები კარბელაშვილები

დეკანოზი პოლიევქტოზი; დეკანოზი ვასილი (ეპისკოპოსი სტეფანე); მღვდელი პეტრე და დეკანოზი ანდრია კარბელაშვილები ქართული გალობის მოამაგენი იყვნენ.

ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის ზრუნვა XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაცხოველდა. ამ დროისათვის საქართველოს ეკლესიის მუსიკალური მემკვიდრეობის დაკარგვის გარდაუვალი საფრთხე აშკარად გამოჩნდა.

1862 წელს  სიღნაღის მაზრის სამღვდელოების კრებამ აღადგინა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერთან ძველთაგანვე არსებული სამგალობლო სკოლა. გორის მაზრის სოფელ ჭალიდან მოიწვიეს ცნობილი მგალობელი მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი (1812-1880), რომელმაც მცირე ხანში შეძლო სამგალობლო სკოლის სრულფასოვნად ამოქმედება.
კარბელაშვილთა საგვარეულო გვევლინებ ქართლ-კახური სკოლის საგალობლების შემომნახველადაც.სწორედ ამ საგვარეულოს მოღვაწეთა წყალობით მოაღწია ჩვენამდე ქართული გალობის აღმოსავლური სკოლის საგალობლების ნიმუშებმა. ამ კილოს ,,კარბელაანთ კილოსაც” უწოდებენ.

გრიგოლის ხუთივე ვაჟიშვილი სასულიერო სამსახურში ჩადგა და მთელი ცხოვრება სულიერი და ეროვნული კულტურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვას შეალიეს. მათი საოჯახო გუნდის გალობა ისეთი კეთილხმოვანი ყოფილა, მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენო.
გრიგოლ კარბელაშვილის ორი ვაჟიშვილი მღვდლები ანდრია და პეტრე 1924 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრიტეს.

Иверская икона Божией Матери в церкви святых апостолов Петра и Павла - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 4 სექტემბერი

მღვდელმოწამე ევტიქი

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს. 

წმიდა მოწამე ტატიონე

წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბითვინიაში. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ).

წმიდა მოწამე სირა ქალწული

წმიდა მოწამე სირა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო.

ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ატენის სიონი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 3 სექტემბერი

ღირსი გიორგი ლიმნიოტი

ღირსი გიორგი ლემნოსელი დაიბადა კუნძულ ლემნოსზე. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0