23:55 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (193)
176 0 0

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას - ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა

ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში.

თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.

მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე.

როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა.

 დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.

წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.

წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა.

ღირსი დიოსი

ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში... ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა.

ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.

ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა.

ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა. წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).

ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)

მთავარი თემები