06:43 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
168 0 0

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი 

წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს, და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ. ღვთის ნებით, წმინდანებს შეუერთდა კიდევ ხუთი გამორჩეული ქრისტიანი: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე, რომელთაც მათი წინამძღვრობა იტვირთეს. აღმსარებლები სასტიკად სცემეს, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს.საკანში გამოკეტილი წმიდანები ხარობდნენ და დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. წმიდა ლეონტი ამხნევებდა მათ. ნეტარი შიშობდა, ვაითუ ზოგიერთებმა ტკივილებს ვერ გაუძლონ, სულით დაეცნენ, რწმენა შეერყეთო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო აღმსარებელთა სულები.
შუაღამით, როცა მარტვილები ფსალმუნებს გალობდნენ, უეცრად ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მათ წინაშე, საკანი ზეციური შუქით გაანათა და წმიდანებს ამცნო, თქვენი ღვაწლი დასასრულს უახლოვდება, სახელები კი უკვე დაწერილიაო ცათა შინა. საპყრობილის მცველები, მენევსი და ბირილადე შეესწრნენ ამ სასწაულებრივ გამოცხადებას და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე დღეს მმართველმა ქრისტეს ტარიგთა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. წმიდანები ცეცხლში დაწვეს, უვნებლად გადარჩენილი მათი წმიდა ძვლები კი მდინარეში გადაყარეს (+318). ღვთისმოყვარე ადამიანებმა იპოვეს წმიდანთა ნაწილები და ერთ ადგილას დაფლეს დიდი პატივით. მოგვიანებით, როცა ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, ამ ადგილზე წმიდა ორმოცდახუთი მოწამის სახელობის ტაძარი ააგეს.

წმიდა მოწამე აპოლონი

წმიდა მოწამე აპოლონი ლიდიის (მცირე აზია) ქალაქ სარდში დაიბადა. იგი დაუფარავად ქადაგებდა ქრისტეს, რისთვისაც უსჯულოებმა დაატუსაღეს. ნეტარი მარტვილი დიდხანს აწამეს, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. ეს მოხდა იკონიაში, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ან ვალერიანეს (253-259) დროს.

წმიდანი მოწამენი ვიანორე და სილუანე

წმიდა მოწამენი ვიანორე და სილუანე. წმიდა ვიანორე მცირე აზიის პისიდიის ოლქში დაიბადა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი შეიპყრეს და ლიკაონიის ქალაქ ისავრიის მმართველს მიჰგვარეს. უსჯულო ხელისუფალმა წმიდანს მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ ვიანორემ მტკიცე უარი განაცხადა და, მრავალგვარი წამების მიუხედავად, მოუდრეკელი დარჩა. მარტვილის მოთმინების თვითმხილველმა წარმართმა სილუანემ ირწმუნა და აღიარა ქრისტე, რისთვისაც ენა მოაჭრეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ხანგრძლივი წამებით მოუძლურებულმა ვიანორემაც მისი ხვედრი გაიზიარა - მტარვალებმა იგი მახვილით მოკლეს.წმიდა  მარტვილების წამების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას აღესრულნენ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

მთავარი თემები