16:57 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
327 0 0

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის (ხს. 4 თებერვალს) მოწაფე გახდა. წმიდანმა მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია.

წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: „მეც ცოდვილი ვარ“. ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმიდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე გახდა. წმიდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს (ხს. 21 ოქტომბერს) და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმიდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ძმებს სურდათ, მის ნაცვლად ღირსი ილარიონი აერჩიათ. მაგრამ, როცა ამის შესახებ ნეტარმა მამამ შეიტყო, ფარულად დატოვა იქაურობა და ბიზანტიონს მიაშურა.

მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმიდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმიდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.

უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როცა ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.

ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა (+293)

ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება. მაშინ იგი მშიერ ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცები წმიდანს მორჩილად გაუწვნენ ფერხთით. განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა, დაეხოცა ლომები, ქალწულები კი საპყრობილეში ჩაეყარათ.

მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

მთავარი თემები