22:55 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივნისს წმიდა ნიკიფორე აღმსარებელის, წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელის,  წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველის და წმიდა მოწამე დიმიტრის  ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო კალენდრარში 2020 წელს 15 ივლისს ასევე იწყება  პეტრე-პავლობის მარხვა.

პეტრე -პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვა  სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ პირველ  ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელიც 12 ივლისს აღინიშნება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა  ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე გრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, ის ოთხშაბათის და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

როგორ იქნა შემოღებული  პეტრე-პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს.

წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს.

ვინ იყვნენ მოციქულები პეტრე და პავლე

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან.

პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე,რომელიც  სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.

ლეონ IV-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე VI-ისა (780-797) და მისი დედის, წმიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.

ამის შემდგომ ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.

იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) მეფობის დროს, წმიდა პატრიარქის (784-806) მიცვალების შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობლად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად ეკურთხა, ბოლოს კი, 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.

ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის ლეონ V სომეხის (813-820) ზეობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.
847 წლის 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.

წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელი 

წმიდა მოწამე კონსტანტინე კუნძულ მიტილენზე დაიბადა. მისი მშობლები მაჰმადიანები იყვნენ. სიყმაწვილეში მომავალ წმიდანს ყვავილი შეეყარა. სასიკვდილოდ დასნეულებულმა მხედველობა დაკარგა და ძალა სრულიად გამოეცალა. ერთმა ქრისტიანმა ქალმა მართლმადიდებლურ ტაძარში მიიყვანა ნეტარი და ნაკურთხი წყლის საშუალებით განკურნა იგი. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა კონსტანტინე ათონის მთაზე წავიდა, მოინათლა და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსასრულის სურვილიც გაუჩნდა. უფლის კურთხევით, მარტვილმა თურქების წინაშე აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი - დაახრჩვეს. წმიდა კონსტანტინემ თავისი მოწამეობრივი ღვაწლი ქრისტესთვის 1819 წლის 23 აპრილს დაიწყო და 2 ივნისს დაასრულა.

წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი

წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი - ცხოვრობდა ტრაპიზონში, XIV საუკუნეში. იგი კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი იყო.
ერთხელ მომავალ წმიდანს სავაჭრო საქმეებზე ხომალდით მგზავრობა მოუხდა. გემის კაპიტანი არამართლმადიდებელი იყო. იგი იოანესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათში ჩაება, დამარცხდა და გულში ბოღმა ჩაიმარხა. როცა ხომალდი ბოსფორის ბელგრადში შეჩერდა, კაპიტანი ქალაქის ცეცხლთაყვანისმცემელ მმართველთან მივიდა და აუწყა, ჩემს გემზე იმყოფება ერთი სწავლული ადამიანი, რომელსაც თქვენი სჯულის მიღება სურსო.

ქალაქის თავმა პატივით მიიღო იოანე ცეცხლთაყვანისმცემლებთან შემოსაერთებლად. გაკვირვებულმა იოანემ ცეცხლთაყვანისმცემლებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და დამაჯერებლად დაუმტკიცა მათი ცრუსარწმუნეობის არარაობა.

მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის წმიდანი სასტიკად აწამეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს.  წმიდანის ცხედარი ქალაქის ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 1330-1340 წლებს შორის.

წმიდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი

წმიდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (მცირე აზია) ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმიდანი ადრეულ სიყმაწვილეში თურქებმა გაიტაცეს და გაამაჰმადიანეს. ოცდახუთი წლის ასაკში მან გააცნობიერა, რომ ჭეშმარიტი ღვთისათვის უქცევია ზურგი. გადაწყვიტა, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა უსჯულოებთან და საჯაროდ აღიარა ქრისტე მაცხოვარი. ამისათვის თურქებმა ნეტარი მარტვილი აჩეხეს. საკუთარი სისხლით ცოდვებჩამორეცხილმა წმიდა მოწამემ 1657 წელს შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

მთავარი თემები