14:36 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (201)
187 0 0

ეკლესია 2 მაისს ღირსი იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესის, მოწამეთა: ფეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსის, ასევე წმ. გიორგი აღმსარებელის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და ღირსი ნიკიფორე იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
იოანე, პალესტინის ძველი ლავრის  ხუცესი

ღირსი იოანე (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის  ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.

მოწამენი: ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინე

წმიდა მოწამენი ფეონა, ქრისტეფორე და ანტონინე (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის  წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს.

მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.

მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი

წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.

იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).

ნიკიფორე იღუმენი

ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლების  სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.

მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.

ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ,  ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
საეკლესიო კალენდარი (201)

მთავარი თემები