14:20 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
297 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 აპრილს წმ. დიმიტრი სამშობლოსათვის წამებულის (ყიფიანი); მღვდელმოწამე არტემონის, ლაოდიკიელი ხუცის , მოწამე თომაიდა ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
დიმიტრი ყიფიანი

დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში

1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე.  1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს. 

დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა.

საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი, ერის წინაშე გაწეული უდუდესი ღვაწლის გამო წმინდანად შერაცხა.

მღვდელმოწამე არტემონი, ლაოდიკიელი ხუცი

მღვდელმოწამე არტემონი დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში. 16 წლისა მედავითნედ აკურთხეს. 18 წლის მანძილზე იყო მედავითნე, შემდეგ ეპისკოპოსმა სისინმა დიაკვნად დაასხა ხელი. 33 წელი ქადაგებდა წარმართთა შორის ქრისტიანობას. წმინდა მამა მოხუცი იყო, როცა იმპერატორმა დეოკლიტიანემ ქრისტიანებს აიძულა მსხვერპლის შეეწირვა.

იმპერატორი ლაოდიკიაში გზავნიდა მხედარმთავარს. ეს რომ შეიტყო ეპისკოპოსმა სისინმა წმინდა არტემონტან ერთად შეიპარა სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია. სამწყსო კი გაამხნევა და განამტკიცა რწმენაში.

ლაოდიკიაში ჩასულმა მხედარმთავარმა პატრიკიოსმა შეიტყო, ვინც შემუსრა კერპები. შეიპყრო. არტემონი, რომელიც უშიშრად გაჰყვა.

პატრიკიოსმა როცა ვერ შეძლო არტემონის გადაბირება  გადაწყვიტა წმინდანი ეწამებინა. ადუღებულ ფისში აპირებდა წმინდანის წამებას, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა პატრიკიოსი აიტაცა და ქვაბში ჩააგდო.

შემდეგ წმინდა მამა არტემონი ასიაში წავიდა ქრისტეს რჯულს საქადაგებლად.გზაში უფლის ანგელოზმა აიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია.

წმინდა მამა წარმართებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს.

მოწამე თომაიდა ეგვიპტელი

წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) - ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში.  თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა.

ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა.

რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს.

მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს - დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როცა ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს წმიდა მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

მთავარი თემები