ტაძრის კარი ღია დარჩება: ილია მეორემ მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა

© Sputnik / STRINGERილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ მიმართა მორწმუნეთა ის ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, და სახლში დარჩენა ურჩია

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიმართვაში მრევლისადმი, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს. მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებდა.

„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ; მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ჯარიმები და დაკავებები: პოლიციამ ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის 60 დამრღვევი გამოავლინა

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

  • ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:
  • ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია.
  • საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში, – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;
  • საერთოდ, რეკომენდირებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში.
  • მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე.
  • სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;
  • მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვისაც და ეკლესიისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა და სწორედ სასულიერო პირებთან კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს. 

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ სასულიერო პირებს თხოვნით მიმართა ილოცონ ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 117-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0