13:41 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (85)
234 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს არსენ იყალთოელს, სმირნელი ეპისკოპოს ვუკოლეს, ბარსანოფ დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს იხსენიებს.

Sputnik -საქართველო მოგითხრობთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რატომ აღნიშნავს მათი ხსნების დღეს 19 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

არსენ იყალთოელი

არსენ იყალთოელი XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი იყო. 

სრული ბიოგრაფიული ცნობარი  წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ის წარმოშობით იყალთოდან იყო,  წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ.

მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი  განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც თარგმნა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“.

არსენ  იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში „დოგმატიკონში" გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის „წინამძღვარი", იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა", თეოდორე აბუდერას პოლემიკური ეპისტოლენი და სხვა.

არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი, კეთილის მსურველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. მასვე ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ეპიტაფია „ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". 

წმიდა არსენმა დააარსა კახეთში ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.  იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

Академия Икалто и монастырь Святого Зенона. Архивное фото
© photo: Sputnik / Мещеряков
იყალთო

ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოღვაწეობდნენ.

ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა, ტაძრის მახლობლად მცირე კელიაში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბარსანოფი კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულთქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.

იოანე წინასწარმეტყველი წმიდა ბარსანოფის მოწაფე იყო. მოძღვრის მორჩილებით მან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო მასთან მოსულ სულიერი დამოძღვრის მსურველებს ბარსანოფისთან აგზავნიდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, მაგრამ ახალგარდაცვლილი ამბა სერიდის შემდგომ დადგენილმა ახალგაზრდა იღუმენმა ელიანმა შესთხოვა, ეცოცხლა კიდევ, თუნდაც ორი კვირის განმავლობაში, რომ მონასტრის წეს-განგება ესწავლებინა მისთვის. ღირსმა მამამ შეისმინა ვედრება და, მართლაც, ორ კვირაში გარდაიცვალა. წმიდა ბარსანოფი შეესწრო მოწაფის სიკვდილს.

ვუკოლი სმირნელი ეპისკოპოსი

ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.

წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
საეკლესიო კალენდარი (85)

მთავარი თემები