საეკლესიო კალენდარი: 6 თებერვალი

CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedralწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ს, ღირსი ქსენიას, მოწამეთა: ბაბილა სიცილიელის, ტიმოთეს და აღაპიოსის,ღირსი ფილონის, ასევე ღირსი მაკედონის, ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მელქისედეკ I

მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო  ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი.

 მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი.

მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება - გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის.

შემონახულია მის მიერ დაახლოებით 1031-1033 წლებში შედგენილი ანდერძი - "დაწერილი" (XII ს. პირი), რომელიც საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად. 

სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საეკლესიო კალენდარი: 3 თებერვალი

ღირსი დედა ქსენია

ღირსი ქსენია (ერობაში - ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა.  წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ბაბილა სიცილიელი და მოწაფენი მისნი ტიმოთე და აღაპი

წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მათ  წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ  დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ.

თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
საეკლესიო კალენდარი: 31 იანვარი

ღირსი ფილონი, კოლპასტიელი ეპისკოპოსი

ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერდნენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას“ განმარტებას.

ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე

ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ - ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა.  ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0