20:31 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (263)
43 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს,  წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი

წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები. რის შემდეგაც პოლიევქტო  სიკვდილით დასაჯეს. (+259) როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. 

წინასწარმეტყველი სამე

წინასწარმეტყველი სამე ცხოვრობდა მეფე სოლომონისა და მისი ძის, რობიამის დროს, რომელთაც, ღვთის სახელით, აუკრძალა ბრძოლა დავითის შტოსაგან გამოყოფილ 10 ებრაელ ტომთან.

ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი

წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას
პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

ღირსი ევსტათი საკვირველთმოქმედი

ღირსი ევსტათი ქალაქ ტარძსში დაიბადა. 20 წლის წმიდანმა ფარულად დატოვა ოჯახი, აგვაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვირა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში ღირსი ევსტათი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში იმალებოდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა. სიკვდილის წინ იღუმენმა დამოძღვრა ძმები: მიწიერ კეთილდღეობას ნუ მიემსჭვალებით, საუკუნო ცხოვრებაზე იფიქრეთ გამუდმებით, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და სიტყვებით – „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,” – მშვიდობით მიიცვალა, 95 წლის ასაკში.

წმიდა ფილიპე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი ერთგული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო.  მომავალ წმიდანს არ იზიდავდა სასახლის კარის ამაოებით აღსავსე და ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება. მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი დ ა სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.
1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. 18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა:

სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს მოაგონდა და გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან. ფილიპე დიდხანს უარობდა: ივანესთან იგი სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაენადგურებინა ოპრიჩნინა – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, ივანე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი მღვდელმთავარი გახდა.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: „ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!”

აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკების სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც.  მღვდელმთავარმა უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე.

ხოლო მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურღია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და უბრალო მარხილით წაიყვანეს ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზეც დიდი ხუნდი ედო. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (263)

მთავარი თემები