საეკლესიო კალენდარი: 15 იანვარი

© photo: Sputnik / Oleg Lastochkinგერგეტის სამება
გერგეტის სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 იანვარს სილიბისტრო რომის პაპის, მღვდელმოწამე თეოგენეს, ღირსისა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სილიბისტრო რომის პაპი

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი.

დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე.

ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს.

ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე

1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.
წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს.

1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის კარები გააღეს დ ა დაინახეს, რომ მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0