20:17 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (240)
8910

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 12 იანვარს  მოწამე ანისიას მოციქულ ტიმონის, მოწამე ფილეტერ ნიკომიდიელის, ღირსი თეოდორა კესარიელის და ღირსი თეოდორა-თეოდორე კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე ანისია

წმიდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-311) ზეობისას. მშობლებმა - კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა - იგი ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.

იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმიდა მოწამე იქვე განგმირა.

წმიდა მოციქული ტიმონი, სამოცდაათთაგანი

წმიდა მოციქული ტიმონი იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს. შემდგომში იგი არაბეთის ქალაქ ბოსტორის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ ხარისხში ნეტარმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა მოწამე ფილეტერი

წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მეფობაში. დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს.  უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.

იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.

ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.

გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას.

თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

ღირსი თეოდორა კესარიელი

ღირსი თეოდორა კესარიელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანის მშობლები - პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა დიდხანს უნაყოფონი იყვნენ. ამის გამო ძალიან წუხდნენ და უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, ზეცისა და ქვეყნის მეუფემ წყალობის თვალით გადმოხედა კეთილმსახურ ცოლ-ქმარს და უბოძა ასული, რომელსაც თეოდორა დაარქვეს. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმიდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა ერთ-ერთი თავისი ახლობლისთვის მიეთხოვებინა. იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.
წმიდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასთვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს მეფის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმიდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა არა უგვიანეს 755 წლისა.

ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლელი

ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (240)

მთავარი თემები