12:49 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (189)
75 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 11 იანვარს ათოთხმეტ ათასთა ჩვილთა მოწამეთა - ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა; ღირსი მარკელეს და ღირსი თადეოზ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში

როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეკლათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“.

უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული.

ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი

ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეფესოში კარგი განათლება მიიღო. მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ნეტარმა გლახაკებს დაურიგა და სულიერი ცხოვრება დაიწყო ეფესოში მოღვაწე გამოცდილი ბერის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ბიზანტიაში გაემგზავრა, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარ ღირს ალექსანდრესთან. იღუმენმა ბერად აღკვეცა ნეტარი. მარკელეს თავდადებული მოღვაწეობა სათნოეყო უფალს და სხვადასხვა სულიერი ნიჭებით, მათ შორის, განჭვრეტის მადლით დააჯილდოვა წმიდანი. ღირს მამას წინასწარ განეცხადა ამბა ალექსანდრეს აღსასრულის ჟამი და ისიც ეუწყა, რომ თავად გახდებოდა იღუმენი. ნეტარი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, ძმათა წინამძღვობისათვის თავი უღირსად ჩათვალა და დროებით დატოვა სავანე. იგი სხვადასხვა მონასტრებში მიმოდიოდა და ბერებისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.

წმიდა ალექსანდრეს მიცვალების შემდეგ იღუმენად ამბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაუბრუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახარა. ახალმა წინამძღვარმა წმიდა მამა უახლოეს თანაშემწედ გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. უფლის რჩეული სამოცი წელი განაგებდა სავანეს. შორეული ადგილებიდან მოეშურებოდნენ მასთან სულიერი რჩევების მისაღებად. წმიდანის ირგვლივ მყოფნი ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ მას. ღირს მარკელეს უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანი ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით. გადმოგვცემენ, რომ მან მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა.

ღირსი თადეოზ აღმსარებელი

ღირსი თადეოზ აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელის მოწაფე, ლეონ V-ის (813-820) მეფობაში ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ხატმბრძოლთა ზეობის ჟამს იგი სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (189)

მთავარი თემები