საეკლესიო კალენდარი: 20 დეკემბერი

© courtesy of Heritage of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 20 დეკემბერს წმიდა ამბროსის, მედიოლანელი ეპისკოპოსის, მოწამე ათინოდორეს და ღირსი პავლე მორჩილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა ამბროსი, მედიოლანელი ეპისკოპოსი

წმიდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (იტალია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი. ამან მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება და შფოთი გამოიწვია, რადგან ორივე მხარეს სურდა, დაქვრივებულ კათედრაზე თავისი წარმომადგენელი აეყვანა. რომის პრეფექტმა არეულობის დაწყნარება ამბროსის დაავალა. მედიოლანში (დღევანდელი მილანი) ჩასულმა ამბროსიმ დაუყოვნებლივ საკათედრო ტაძარს მიაშურა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და შეკრებილებს დაშოშმინებისა და სადავო საკითხის მშვიდად გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ტაძარში წამიერად ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად ჩვილი ყრმის ხმა გაისმა: „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ეს შეძახილი ხალხმაც აიტაცა და ყველანი, მართლმადიდებლებიცა და არიანელებიც, ერთხმად გაიძახოდნენ: „ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!“ ამბროსი შეშფოთდა, რადგან ამ ხარისხისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიაჩნდა.  მაგრამ ხალხი თავისას არ იშლიდა. ბოლოს მათ იმპერატორ ვალენტინიანე უფროსს (364-375) მიმართეს დახმარებისათვის. ამბროსიმ ამ უკანასკნელის ურჩობა ვერ გაბედა და იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო. ნეტარი ყოველდღიურად  აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ბრძნულად და სიყვარულით მოძღვრავდა მრევლს, თავისი სამწყსოს ჭირსაც იზიარებდა და ლხინსაც. მეუფე ამბროსი გულმოდგინედ იღვწოდა ეკლესიის ერთიანობისათვის.
წმიდა ამბროსი ქმედითად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ასე მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმიდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმიდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმიდა ძღვენის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.

წითელი სოფლის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 18 დეკემბერი

წმიდა ამბროსი ცნობილია აგრეთვე, როგორც საეკლესიო მწერალი. მას ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმიდის შესახებ და ორიც - სინანულზე; სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმიდა საიდუმლოებებზე. თხზულებებში ქრისტიანული ზნეობის შესახებ წმიდანი ცხადად გვიჩვენებს ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრების აღმატებულებას წარმართულ ზნეობრივ სწავლებაზე. მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: „მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ“ ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.

ნეტარი ამბროსი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. მან დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლური, სირიული ეკლესიის მიბაძვით შეიტანა ანტიფონური გალობა, რომელიც „ამბროსიანული კილოს“ სახელითაა ცნობილი.

397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი ლავდიის ეპისკოპოსის, ბასიანეს ხელით ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ათინოდორე

წმიდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.

ბაგრატის ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 16 დეკემბერი

ღირსი პავლე მორჩილი

ღირსი პავლე მორჩილის მოღვაწეობის წლები უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა მოკლე ცხოვრებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პავლე მდიდარი მშობლების შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განერიდა ამსოფელს და ბერულ ღვაწლს შეუდგა. ზედწოდება „მორჩილი“ მან საოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი ნების სრული მოკვეთისთვის დაიმსახურა. ერთხელ ღირსმა მამამ ადუღებულ ფისს შიშველი ხელით მოურია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამის შემდეგ ძმათა ნაწილმა იგი ღმერთშემოსილ მოსაგრედ ჩათვალა, სხვები კი უნდობლობით შეხვდნენ ნეტარს. ბერების ლოცვით ღმერთმა მათ მოუვლინა ხილვა, რომლითაც მიანიშნა, რომ მათი ძმა ჭეშმარიტი მოსაგრე იყო. ღამით ყველანი სასუფეველში იქნენ ატაცებულნი და ესაუბრნენ ბერ პავლეს, რომელმაც ყოველ მათგანს სახსოვრად თითო ყვავილის ან ტოტის წაღების ნება დართო. დილით, როცა გამოიღვიძეს, სამოთხის ყვავილები და ტოტები ყველას ხელში ეჭირა. ამის შემდეგ ნეტარი პავლე ჯერ იერუსალიმში გაემგზავრა, შემდეგ კი - კვიპროსზე. იგი განმარტოებით იღვწოდა, ბოლოს კი პერიგორის მთაზე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0