20:05 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 23 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (198)
69 0 0

საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (198)

მთავარი თემები