07:36 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 10 ოქტომბერი

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / Marcin Konsek / Motsameta
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (201)
41 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მოწამე კალისტრატე

წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა.

წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩაკერეს და ზღვაში მოისროლეს. ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოეგო, გაიხა და წმიდანი განთავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმიდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს.მოგვიანებით მოწამეები მახვილებით აკუწეს.

წმიდა მოციქულნი: მარკოზი, არისტარქოსი და ზინა - სამოცდაათთაგანნი

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ პავლე მოციქული კი კოლასელთა და ფილიმონის მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.

წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა  და ფილიმონის მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.

წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოღვაწე სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

წმიდა მოწამე ეპიქარია 

წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს.

ღირსი ეგნატე

ღირსი ეგნატე კაბადოკიაში ცხოვრობდა X საუკუნეში. იგი მშობლებმა სიყმაწვილეშივე შესწირეს უფალს. მოწიფულობის ასაკს რომ მიაღწია, ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ხუცესად დაასხეს ხელი. შემდგომში ეგნატე მაცხოვრის სავანის იღუმენად დანიშნეს კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა მონასტრისთვის. წმიდა ეგნატე ქალაქ ამორიის მახლობლად გარდაიცვალა 975 წელს. დიდი ხნის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.

მასალა მომზადებულია რია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (201)

მთავარი თემები