00:47 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
სამება

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 9 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (170)
79 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა.

 

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან

1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.
წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.

როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.
ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო - ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.
მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი - დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ.
იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (ერისკაცობაში - ვასილი) 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში.
ფსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმიდანი სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა, სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი - ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმიდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოს თვიდან - მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ.

1921 წლის აგვისტოში ვოლგისპირეთში შიმშილობის მძვინვარების ჟამს პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ. ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი პყრობილებაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი. პატრიარქი ტიხონი 1925 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (170)

მთავარი თემები