საეკლესიო კალენდარი: 29 აგვისტო

© photo: Sputnikანჩისხატი
ანჩისხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 აგვისტოს ზეიმობს წამოყვანებას იესო ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს და ასევე აღნიშნავს მოწამე ქრისტეფორე გურულის, მოწამე დიომიდე მკურნალის ხსენების დღეს.

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან, იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა.

ივერიის ღვთისშობლის  ხატის ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 28 აგვისტო - ღვთისმშობლის მიძინება–მარიამობა

მთავრის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: „ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე... შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისთვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ-ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებსაც შენთან ერთად“.

გახარებული ანანია ედესისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. შუაღამისას ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და ეს დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოაბრძანა; როცა წმიდანი იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით VII ულუ (1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი VII-ს (1393-1407) მეფობაში, თემურ-ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსჯულოთა შიშით ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამყოფელის საიდუმლო.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისაგან განთავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათთაგანი მოციქულის, თადეოზის (ხს. 21 აგვისტოს) ჩასვლამდე, რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: „ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს“, შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა.

სამების ეზო - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 27 აგვისტო

მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმიდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ-ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.

944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა (912-959) გადაწყვიტა, სიწმიდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში - კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა.

ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი - ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

მაცხოვრის ხატი კონსტანტინოპოლში XIII საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო - ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული.

ატენის სიონი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 26 აგვისტო

XIII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა - მაჰმადიანური სამყაროს გარდა, მას კათოლიკური ევროპაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ კონსტანტინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო.

რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივ გადავიდა, იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავრეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები.

Кафедральный собор Святой Троицы - Самеба - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 25 აგვისტო

1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი - თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათოლიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც VII საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული.

გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 23 აგვისტო

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურული

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

წმიდა მოწამე დიომიდე მკურნალი

წმიდა მოწამე დიომიდე კილიკიის ტარსოსში დაიბადა. იგი ექიმობაში ღრმად განსწავლული ქრისტიანი იყო და უანგაროდ კურნავდა როგორც ხორციელ, ისე სულიერ სნეულებებს. ეკლესია თაყვანს სცემს მას, როგორც მკურნალს და მეოხებას შესთხოვს ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.

სოფელ ტყაჩირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 20 აგვისტო

წმიდანი ბევრს მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როცა დიომიდე ქალაქ ნიკეაში ჩავიდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მხედრები გაგზავნა მის შესაპყრობად. ღვთის განგებით, ნიკომიდიისკენ მიმავალი წმიდა დიომიდე გზაში გარდაიცვალა ლოცვის დროს. მეომრებმა, იმის დასამტკიცებლად, რომ დავალება ნამდვილად შეასრულეს, ნეტარს თავი მოჰკვეთეს, მაგრამ მკრეხელობისათვის თვალისჩინი დაკარგეს. შეშინებული და დაბრმავებული მეომრების დანახვისას დიოკლეტიანემ ბრძანა, მოწამის თავი ისევ უკან წაეღოთ. მხედრები ბრძანებას დაემორჩილნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ, რის შემდეგაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0